„112“-ის მობილური აპლიკაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია

„112“-ის მობილური აპლიკაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია

321
გაზიარება

„112“-ის მობილური აპლიკაციის საკუთარ მობილურ მოწყობილობაში ჩამოტვირთვა, ამიერიდან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს შეუძლია. აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს.
აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.
​როგორც “სითი კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.
მათივე ინფორმაციით, მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება.
„112“-ის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი „112“-ის მობილური აპლიკაცია წარმოადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მოადგილეებთან ერთად „112“-ის დღესთან დაკავშირებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის რუსთავის „ქოლ-ცენტრს“ ეწვია. ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა „112“-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და „112“-ის ეფექტიან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.  11 თებერვალს, 112-ის დღეს აღნიშნავს როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მისი მიზანია მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა. ყოველწლიურად, ამ დღეს, საქართველოს „112“ სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

კომენტარი