ეროვნულ ბიბლიოთეკის II კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაზაფხულზე გაიხსნება  

ეროვნულ ბიბლიოთეკის II კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაზაფხულზე გაიხსნება  

185
გაზიარება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი სავარაუდოდ მაისში გაიხსნება. ამ დროისთვის სარესტავრაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში. კედლები გაიწმინდება, ორნამენტები პირვანდელი სახით აღდგება, დარბაზი გარემონტდება და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.
​როგორც “სითი კვირას” ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, ფოლკლორის დარბაზი ფუძნდება ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების ბაზაზე. განყოფილების ფონდში დაცულია ფოლკლორული ჩანაწერების მდიდარი კოლექცია. ფოლკლორის დარბაზის პრიორიტეტი იქნება ქართული ფოლკლორული (როგორც მუსიკალური, ისე ტექსტობრივი) ჩანაწერების თავმოყრა, სისტემატიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა.
მათივე ინფორმაციით, ფოლკლორის დარბაზის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ეთნოგრაფიის საუკუნოვანი აუდიოისტორიის შესახებ მასალების თავმოყრა და საზოგადოებისთვის მიწოდება. “წიგნის მუზეუმის შემდეგ, მალე მორიგი გრანდიოზული პროექტით – ფოლკლორის დარბაზ-მუზეუმით შეგებებით. თქვენთვის ზღაპრული სივრცის შესაქმნელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს”, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა, საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასა” და ღვინის კომპანია „შილდას” შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, ფონდ „ქართული გალობის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა გოთუამ და კომპანია „შილდას” გენერალურმა დირექტორმა ნათია ჩხარტიშვილმა.
სწორედ ამ დოკუმენტის თანახმად ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფუძნდება ფოლკლორის დარბაზი, რომელიც ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში განთავსდება.

კომენტარი