თბილისის მერმა მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს გენგეგმის განხილვაში მონაწილეობა შესთავაზა  

თბილისის მერმა მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს გენგეგმის განხილვაში მონაწილეობა შესთავაზა  

282
გაზიარება

​​თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის განხილვის პროცესში ჩართვას მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს სთავაზობს.
​როგორც კახა კალაძემ დღეს, კონფერენციაზე – „თბილისის მომავალი: მდგრადი განვითარება, თუ კრიზისი?“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გენგეგმის მიღების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ქალაქის მთავრობა არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რადგან ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ერთობლივად, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მონაწილეობით განხორციელდეს.
„მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი დედაქალაქისთვის, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებითა და ჩართულობით, ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რადგან გვინდა, მშენებლობის პროცესში მხოლოდ მერისა და მერიის სამსახურები არ იყვნენ ჩართული. როდესაც ჩვენი უფლებამოსილება დასრულდება, ვიტყვით, რომ არა მერმა და მერიამ განახორციელა ეს პროექტები, არამედ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. ​
​სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე თბილისის ურბანული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს. საუბარი ქალაქის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს შეეხო.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ კონფერენციაზე ქალაქის ეკონომიკური განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.​
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარი