“ახალი ამბავი” 100 წლის შემდეგ – სანამ საქართველო დამოუკიდებლობას ზეიმობდა

“ახალი ამბავი” 100 წლის შემდეგ – სანამ საქართველო დამოუკიდებლობას ზეიმობდა

1117
გაზიარება
1919 წელი. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლისთავის აღნიშვნა. ტრიბუნაზე ნ. ჟორდანია, ს.მდივანი, ნ. წერეთელი, პ. კახიანი, გ. ლორთქიფანიძე, ე. თაყაიშვილი და უცხოელი სტუმრები.

დამოუკიდებლობის სამი წელი, მხოლოდ სამი წელი და შემდეგ თითქმის შვიდი ათეული წელი ამ პარიოდის აღმოფხვრის მცდელობა. ბევრ მოვლენას ააფარეს ბათქაში, ბევრი ფაქტი გადაშალეს უკვალოდ და მაინც დარჩა საპოვნელ-სანახავ-აღმოსაჩენი. დამოუკიდებლობის სამ წელიწადზე საუბრისას, პირველი რაც გვახსენდება, ნანინანატრი და მაინც მძიმე წლები. ყველა მხრიდან ალყაში მყოფი ახალგაზრდა რესპუბლიკა.  არადა, ამ პერიოდში იქმნებოდა, იწერებოდა, შენდებოდა; ადამიანებს უხაროდათ და სტკიოდათ, კითხულობდნენ, სეირნობდნენ, პრემიერებს არჩევდნენ. სწორედ ამაზე, დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებასა და ინტერესებზე, შორეულ თუ უახლოეს მეზობლებზე მსურს გიამბოთ რუბრიკაში „1918-1921 „ . თხრობასაც უახლოესი, ერთ-ერთი „კარის მეზობლის“ ამბით დავიწყებ. რატომ?
თავად მიხვდებით.
„ლენინმა მოსკოვიდან ორჯერ დააპირა თურმე გაქცევა. როდესაც ლატიშებმა შეიტყვეს, რომ ლენინი სადგურისკენ გაეშურა, მივიდნენ და ამ სიტყვებით უკან დააბრუნეს: „ერთად განვაგებდით, პასუხიც ერთად უნდა ვაგოთ!“ ამის შემდეგ გაძლიერებული რაზმი „იცავდა ლენინს“ და ამიტომ მეორედ ვერ მოახერხა გაპარვა. ახლა სად იმყოფება არ იციან.“
ამ, ვფიქრობ დღეისათვისაც სენსაციურ ამბავს, ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის თანამშრომელმა ქალბატონმა ნანა მაჭავარიანმა მიაკვლია. თქვენი ყურადღება მინდა თარიღზე გავამახვილო – გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა“ 1918 წელი, 8 აგვისტო, რუსეთში ორივე რევოლუცია – გადატრიალება უკვე მომხდარია და ქვეყნის სათავეში პროლეტარიატის დიქტატურაა, ბელადი და იდეოლოგი კი ვ.ი.ლენინი. დამარცხებულის გაქცევის გამართლება კიდევ შეიძლება, მაგრამ გამარჯვებულის?! ამ დროს კი, საქართველო დამოუკიდებლობას „აგემოვნებს“ და ჩასაფრებულ შინაურსა თუ გარეულთან გამკლავებას ცდილობს.
28277798_2121369984544220_1894224939_o

კომენტარი