ბუტაფორიული „მოდერნიზაციის“ მასობრივი ისტერია თბილისში – გიორგი ბაბუნაშვილი

ბუტაფორიული „მოდერნიზაციის“ მასობრივი ისტერია თბილისში – გიორგი ბაბუნაშვილი

1221
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი” გიორგი ბაბუნაშვილი, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც ერთი 14 წლის მოზარდი დაიღუპა და 5 დაშავდა, ბუტაფორიული “მოდერნიზაციის” მასობრივ ისტერიად აფასებს.
როგორც გიორგი ბაბუნაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, შენობის ფასადებიდან დაახლოებით ნახევარი მეტრით დაშორებული მინის მასალით მოპირკეთება, ისევე, როგორც მეტროსადგურებში გაკეთებული ბუტაფორიული „რემონტები“, მიზნად ისახავს საბჭოთა პერიოდში აგებული შენობების გათანამედროვებას და მათ, სხვა ფუნქციური დანიშნულება არ გააჩნიათ.
“ბუტაფორიული „მოდერნიზაციის“ პირველი მსხვერპლი! ეს შენობა აღარ მახსოვს ჭიაბერაშვილის თუ უგულავას მერობის დროს ყველაფრის ბუტაფორიული პლასტიკატით და მინით შეფუთვით მასობრივი ისტერიის პერიოდში დაიფარა ფასადისგან დაახლოებით ნახევარი მეტრით დაშორებული მინის მასალით. ისევე, როგორც მეტროს სადგურებში გაკეთებული ბუტაფორიული „რემონტები“, ეს შემინვაც ემსახურებოდა საბჭოთა შენობის ფასადური „გათანამედროების“ მიზანს და არავითარი ფუნქციური დანიშნულება არ გააჩნდა. უაზროდ, ვიღაცის ინდივიდუალური ვიზუალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად თანხების უაზროდ დახარჯვის გარდა, ფეხით მოსიარულეთა თავზე მრავალტონიანი შეკიდული მინების მასა გადმოიკიდა“, – წერს გიორგი ბაბუნაშვილი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მთაწმინდის რაიონში, ბარათაშვილის ქუჩის №2-ში, ყოფილი “პირიმზის” შენობიდან შუშა ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა და 5 დაშავდა. დაშავებულები თბილისის N70 საჯარო სკოლის მოსწავლები არიან.
ბარათაშვილის ქუჩის №2-ში მდებარე შენობაში ამჟამად “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ფუნქციონირებს. შენობის ფასადი ორმაგი შუშით არის აღჭურვილი.

კომენტარი