თბილისის მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება 

თბილისის მერიაში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება 

342
გაზიარება

თბილისის მერია ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დაკომპლექტების მიზნით კონკურსს აცხადებს და მსურველებს იწვევს. სამსახურის დაკომპლექტების პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.
როგორც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა საქალაქო სამსახური, რაც სიახლეა და აქამდე, მსგავსი სტრუქტურული ერთეული არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად ურბანული პოლიტიკის გატარება მერიის საქალაქო სამსახურის დონეზე არ ხორციელდებოდა.
“ამჟამად, ამ სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ და მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს მონაწილეობა კონკურსებში, რომელიც აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იქნება. ჩვენ კეთილსინდისიერი ადამიანები გვჭირდება, ვისაც საკმაო გამოცდილება აქვს იმისა, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი ქალაქის უკეთესი მომავლის შექმნისთვის მნიშვნელოვანია.
„ეს მხოლოდ და მხოლოდ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს არ ეხება. მგონია, რომ ყველა მიმართულებით აუცილებელია ღია კონკურსები გამოვაცხადოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკურენცია იყოს და მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარი