მამადავითის, ნუცუბიძის, იყალთოსა და მახათას მთათა ფერდობები განაშენიანებისთვის სახიფათოა – გენგეგმა 

მამადავითის, ნუცუბიძის, იყალთოსა და მახათას მთათა ფერდობები განაშენიანებისთვის სახიფათოა – გენგეგმა 

1915
გაზიარება

​თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის პროექტში, განაშენიანებისთვის სახიფადო ის ადგილებია დასახელებული, სადაც ამჟამად საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს.
„გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობის საჭიროებისთვის ასათვისებელი ფართობები თითქმის აღარ არის დარჩენილი, ქალაქის გაფართოება ხდება იმ არეალებში, რომლებიც ადრე საინჟინრო-გეოლოგიაში მიღებული ნორმებით ითვლებოდა მშენებლობისთვის მიუღებლად, ანდა უკიდურესად რთულად. ასეთებია ტექტონიკურად ძლიერ აშლილი და დიდი დახრილობის მამადავითის, ნუცუბიძის, იყალთოსა და ნაძალადევი-მახათას მთათა ფერდობები“- ნათქვამია გენ.გეგმის პროექტში.
გეოდინამიკური საფრთეების კონტური გადის ზემო ვაკეშიც, სადაც შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის“ მიერ მიმდინარე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. ადგილობრივები შიშობენ, რომ მიმდინარე მშენებლობა ეკოკატასტროფებს გამოიწვევს, რასაც გენ. გეგმის უახლესი დუკუმენტის პროექტიც ადასტურებს.
„გენერალური გეგმის დოკუმენტის რუკაზე დატანილია გეოდინამიკური საფრთხეების კონტურები, წყალდაცვითი ზონები და სხვა შეზღუდვები, სადაც მშენებლობა დაუშვებელია. გენერალური გეგმა სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ მდინარის ხევის კალაპოტებში არ შეიძლება მშენებლობა, იქ საზღვრები დასაზუსტებელია, გეოდინამიკური საფრთხეებია და ეს აუცილებლად ითხოვს დამატებით კვლევებს, ვიდრე მშენებლობის ნებართვას გასცემს. ბევრი ქალაქი ათავისუფლებს მდინარეებს კოლექტორებისდან, ჩვენ კი სამწუხაროდ ახლა ვხურავთ მდინარეებს. გეოდინამიკური საფრთხეების ზონაში ჩვენ კოლექტორი გავაკეთეთ, ზედ მიწას ვაყრით და გვინდა, კიდევ წყალდაცვითი ზონების არეალებში მშენებლობები ვაწარმოოთ“. – განუცხადა BM.GE-ს გენ.გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ.
გენერალური გეგმის დოკუმენტი დღეისთვის გახშირებულ ფერდობების ჩამოჭრასაც ეხმიანება.
„თბილისის განაშენიანების თანამედროვე ეტაპზე, არც თუ იშვიათ შემთხვევებში, ხდება ადვილად შლადი ქანებით აგებული, სხვადასხვა კუთხით დახრილი ფერდობების ჩამოჭრა სამშენებლო მოედნების, გზების და სხვ. მოწყობის მიზნით. აღნიშნულის შედეგად, მკვეთრად ირღვევა ფერდობების დინამიური წონასწორობა, რაც საბოლოოდ, მეწყრულ–გრავიტაციული პროცესების გააქტიურებას უწყობს ხელს. აღნიშნული განსაკუთრებით ხშირია იმ უბნებზე, სადაც ფერდობების დახრის მიმართულებები თანხვედრილია ამგები ქანების წოლის ელემენტებთან“ – ნათქვამია გენ. გეგმის პროექტში.
თბილისის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. „სითი ინსტიტუტმა“ მასზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაასრულა. ქალაქს განაშენინების მთავარი დოკუმენტი ჯერ გასული წლის აპრილში, შემდეგ კი შემოდგომაზე უნდა მიეღო. თუმცა თბილისის მერია გენგეგმის ავტორებისგან ამ დრომდე დაზუსტებებს ითხოვს და გენერალური გეგმის დამტკიცებას არ ჩქარობს.
წყარო: “ბიზნეს მედია საქართველო”

კომენტარი