რა დემოგრაფიულ კვლევებს ეყრდნობა თბილისის გენგეგმა – პასუხი დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორს

რა დემოგრაფიულ კვლევებს ეყრდნობა თბილისის გენგეგმა – პასუხი დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორს

678
გაზიარება

„სითი ინსტიტუტი საქართველო“ თავის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავდა მისი და განახლებული გენგეგმის პროექტის წანააღმდეგ, გარკვეულ პირთა მხრიდან წარმოებულ ე.წ “შავი პიარის“ მცდელობას, რასაც ძირითადად მცდარი ინფორმაციების გავრცელებითა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით ცდილობენ. ერთი ასეთი მაგალითია, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ინტერვიუ დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორთან ავთანდილ სულაბერიძეთან სათაურით – “რატომ არის გენგეგმის პროექტის გათვლები და პროგნოზი მცდარი”.   
აღნიშნულ თემაზე საუბრობს თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორი, ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დემოგრაფი გიორგი მელაძე.

– დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორთან ინტერვიუს შესავალ ნაწილში თვალსაჩინოდაა გამოტანილი წინადადება, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა ეყრდნობა 2002 წლის მონაცემებს და არ  ითვალისწინებს 2014 წლის აღწერის შედეგებს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?გია მელაძე 1

– საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში. თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ ეფუძნება მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემებს, რაც არ უნდა ინფორმაციის დეფიციტი გვქონოდა ამ აღწერას ჩვენ ვერ დავეყრდნობოდით, პროგნოზული გაანგარიშებების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე.

როდესაც ჩვენ ვმუშაობდით თბილისის მოსახლეობის პროგნოზის სხვადასხვა შესაძლო სცენარებზე, ამ დროისათვის 2014 წლის აღწერის მასალების დამუშავების პროცესი დასკვნით ეტაპზე იყო. ჩვენ გვქონდა სამუშაოს, პროექტით განსაზღვრულ დროში ჩაბარების ვალდებულება. აქედან გამომდინარე ვისარგებლეთ აღწერის წინასწარი მონაცემებით, რომელიც ახლოს დგას მის საბოლოო შედეგებთან (განსხვავება შეადგენს 1%-ს).

– ახალი გენგეგმის ოპონენტი ინტერვიუში აცხადებს – “რომ მოემართათ, გადავცემდი აწ გარდაცვლილი გია წულაძის ნაშრომებსა და კვლევებს. მას დიდი გამოცდილება ჰქონდა და სანამ ცოცხალი იყო შეიძლებოდა მისი გამოყენება. თბილისში არაზუსტი აღრიცხვა იყო, არ არსებობდა დაბადებულებისა და გარდაცვლილების ზუსტი მაჩვენებლები, რეალურზე ნაკლები აღირიცხებოდა“.

აღნიშნულ თემაზე საუბარი უბრალოდ უხერხულია. საქართველოში პირველად, 1990-იან წლებში, სწორედ მე და აწ განსვენებულმა პროფესორმა გიორგი წულაძემ გამოვაქვეყნეთ მონოგრაფია (გ.მელაძე, გ.წულაძე საქართველოს მოსახლეობა და დემოგრაფიული პროცესები, თბილისი, 1997), სადაც პრაქტიკულად ყველა ძირითადი დემოგრაფიული პროცესი იყო განხილული. გაანალიზებული იყო არსებული დემოგრაფიული ვითარება, შემოთავაზებული იყო შობადობისა და მოკვდაობის საკუთარი გაანგარიშებები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდნენ ოფიციალური სტატისტიკის მაჩვენებლებისგან. აღნიშნულ ნაშრომში ჩვენეულ გაანგარიშებებზე დაყრდნობით, დემოგრაფიული სისტემა პირველად იყო შესწავლილი სისტემური მიდგომის პოზიციიდან. დროის დაახლოებით იგივე მონაკვეთში, აღნიშნულ თემაზე გამოჩნდა მეცნიერების (პროფ. რ.გაჩეჩილაძე, პროფ. მ.ხმალაძე, პროფ. თ გუგუშვილი) სერიოზული ნაშრომები, სადაც ავტორები ეჭვქვეშ აყენებდნენ არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს და აკეთებდნენ ორიგინალურ გაანგარიშებებს.

ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ 2002 წელს საქართველოდან ექსპერტების რანგში ჩვენ მიწვეული ვიყავით – ესტონეთში, ქ.ტალინში, ევროსაბჭოს ეგიდით გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა, მოსახლეობის მონაცემების ჰარმონიზაციას ამიერკავკასიის რესპუბლიკებში. იმავე საკითხზე, 2004 წელს მიწვეული ვიყავით საფრანგეთში, ქ. პარიზში, დემოგრაფიული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტში (INED), სადაც ცნობილი დემოგრაფების წინაშე, ვისაუბრეთ იმჟამინდელი სტატისტიკის ნაკლოვანებებზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილია ის უზუსტობები, რაც ახასიათებდა და ნაწილობრივ ახლაც ახასიათებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტატისტიკას და ყველაფერი ეს მაქსიმალურადაა გათვალისწინებული პროგნოზულ გაანგარიშებებში.

– ინტერვიუში თქვენი ოპონენტი აცხადებს, რომ – “ეს მონაცემები უბრალოდ გადმოწერილია საქსტატის საიტიდან“.

აღნიშნული ბრალდება რბილად, რომ ვთქვათ უპასუხისმგებლოა. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში ოპონენტი გვევლინება როგორც მხარე, აშკარად იკვეთება ჩვენი ნაშრომის და ჩვენი შეურაცხყოფის მცდელობა. მსგავსი განცხადების გაკეთება ჩვენი და საზოგადოების კულტურული ნაწილის ღრმა რწმენით, მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისთვისაც მსგავსი ქმედებები ჩვეულებად არის ქცეული.

-დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორისგან ისმის კიდევ ერთი ბრალდება – „2005 წელს თბილისს შემოუერთეს დასახლებები და თბილისის მოსახლეობა გაიზარდა 30 ათასით – რაც არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილ გენერალურ გეგმაში“.

თბილისის ფარგლებში სასოფლო დასახლებების მნიშვნელოვანი შემოერთება მოხდა 2006 წელს, საქართველოს პარლამენტის N4173 დადგენილებით და აღნიშნული მოვლენა შესაბამისადაა გათვალისწინებული პროგნოზულ გაანგარიშებებში.

ჩვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში, ცხადია შეუძლებელია მთელი იმ მეთოდიკის აღწერა – თუ რა დაშვებები, რა სახის გაანგარიშებები გაკეთდა და ა.შ. ყოველივე ეს გაწერილია და თან ერთვის თბილისის განახლებული გენგეგმის პროექტის წინა ეტაპების ანგარიშს. ოპონენტებს კი მივუთითებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროზე, რომლის მიხედვითაც გაკეთდა გაანგარიშებები – “Samuel H. Preston, Patrick Heuveline and Michel Guillot. Demography, Measuring and Modeling Population Processes”, შეუძლიათ გაეცნონ და გააკეთონ საკუთარი გაანგარიშებები.

– რას გვეტყვით პროგნოზული გაანგარიშების სიზუსტეზე, რაზეა იგი დამოკიდებული?

– ცნობილია, რომ იგი დამოკიდებულია არსებული სტატისტიკური მასალების ხარისხზე და პროგნოზისტის ალღოზე, მის ინტუიციაზე შეაფასოს წარსული, აწმყო და განჭვრიტოს მომავალი. თეორიულადაც კი შეუძლებელია იმის დაშვება, რომ სხვადასხვა პროგნოზისტის მიერ თუნდაც ერთი და იგივე სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული პროგნოზული გაანგარიშებები ერთმანეთს დაემთხვას.

დემოგრაფიული პროგნოზის გაკეთება რთული ამოცანაა, მით უმეტეს ჩვენს ძალიან დინამიურ, სწრაფად ცვალებად სამყაროში. სწორედ ამიტომ მიმართავენ პროგნოზების გადასინჯვის პრაქტიკას. მსოფლიოს მასშტაბით, გაეროს სპეციალისტებმა მსგავსი გადასინჯვები  განახორციელეს: 2008, 2010, 2015, 2017 წლებში.

არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენს ხელთ არსებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესრულებული პროგნოზის სცენარები იდეალურია. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ავსახეთ თბილისის დემოგრაფიული პერსპექტივები. მომავალში, საზოგადოების საჭიროებისამებრ გადაიხედება ჩვენს მიერ.
მოტანილი და განხილული ფაქტები, საკმარისია საზოგადოების მოაზროვნე ნაწილისათვის, რათა იგი დარწმუნდეს თუ რას ემსახურება მსგავსი ინტერვიუები. ჩვენ არ ვაპირებთ ოპონენტი მხარის მსგავს ინტერვიუებზე, განცხადებებზე პასუხების გაცემას და დიალოგში შესვლას გარდა ერთი შემთხვევისა, თუკი ისინი წარმოგვიდგენენ საკუთარ, მეცნიერულ საფუძველზე დამყარებულ და გაანგარიშებულ მათივე პროგნოზებს, რაც სამწუხაროდ არ ჩანს.

ჩვენ მზად ვართ სიამოვნებით მივიღოთ ნებისმიერი საქმიანი შენიშვნა და წინადადება დედაქალაქის საკეთილდღეოდ, თბილისზე შეყვარებული და მზრუნველი ადამიანებისაგან, რომელთაც სურთ, რომ ჩვენს დედაქალაქს ჰქონდეს განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და დაემსგავსოს ცივილიზებულ ქალაქს, სადაც უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობს თავს თითოეული მოქალაქე.

კომენტარი