თბილისში ქალთა ველორბოლა გაიმართა

თბილისში ქალთა ველორბოლა გაიმართა

371
გაზიარება

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ნაძალადევის რაიონში დღეს, ველორბოლა გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკის 50-მდე მოხალისე ქალბატონი მონაწილეობდა.
ველორბოლამ სტარტი გურამიშვილის გამზირზე მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის შენობიდან აიღო და  ნაძალადევის რაიონის გამგეობის შენობასთან დასრულდა.
8 მარტი ქალებს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ამაშუკელმა მიულოცეს. გამგებელმა და საკრებულოს წევრმა მათ სამახსოვრო პრიზებიც გადასცეს.
„მიხარია, რომ გამგეობის ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაში ყველა ასაკის ქალმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებმაც. რაც უფრო მეტი სპორტული აქტივობა გვექნება, მით უფრო ხელს შევუწყობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ფორმით მიგველოცა ქალებისთვის 8 მარტი“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
ველორბოლის დასრულების შემდეგ, ქალბატონებისთვის მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით გაიმართა.

კომენტარი