ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო მარშრუტები მოეწყობა

ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო მარშრუტები მოეწყობა

326
გაზიარება

წავკისისწყლის განვითარების პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ველო და საფეხმავლო ბილიკები, სათავგადასავლო მარშრუტები და ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღს საპარკინგე ადგილებით აღჭურვილი ალტერნატიული შესასვლელი დაემატება, ხოლო ველომოყვარულებს ულამაზეს ხეობაში, დაახლოებით, ოთხიკილომეტრიანი მონაკვეთის ველოსიპედით გავლა შეეძლებათ. მისივე შეფასებით, აღნიშნული პროექტი ბოტანიკურ ბაღს დამატებით ფუნქციას შესძენს და მის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
„ბოტანიკური ბაღი თავისი ფუნქციითა და ადგილმდებარეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობას მთლიანად მოიცავს.“- განმარტავს კალაძე.
როგორც “სითი კვირას” ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში განუცხადეს, წავკისისწყლის ხეობაში სათავგადასავლო მარშრუტის მოწყობა და მისი პოტენციალის ათვისება საერთაშორისო ექსპერტების ერთ-ერთ რეკომენდაციაა, რომელიც ბოტანიკური ბაღის განვითარების სტრატეგიულ გეგმაშია გათვალისწინებული.
მათივე ინფორმაციით, დღეისთვის, ბოტანიკური ბაღი 97 ჰექტარ ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა.
პროექტით გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად დააფინანსებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რისთვისაც კახა კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
კახა კალაძესთან ერთად ბოტანიკურ ბაღში დღეს, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა.
თბილისის მერი იმედოვნებს, რომ  განხორციელებული პროექტით ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება კმაყოფილი.

კომენტარი