მსურს თბილისში ყველას გულით ემღერებოდეს – მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი

მსურს თბილისში ყველას გულით ემღერებოდეს – მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი

2450
გაზიარება
Rezo Chkhikvishvili

თბილისი ძალზედ შეიცვალა. რა თქმა უნდა, მენატრება ის დრო, როცა ვცხოვრობდი და ვმოღვაწეობდი ამ ქალაქში, მაგრამ მე ის ადამიანი არ ვარ, მარტო წარსულს მისტიროდეს, თანაც იმ ახალგაზრდულ დროს. დედამიწაზე უამრავი უსაზღვროდ ლამაზი ადგილი თუ ქალაქია, მაგრამ ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო ჩემთვის მაინც ის ადგილია, სადაც დავიბადე, გავიზარდე, ახალგაზრდობა გავატარე, სადაც ჩემი დედ-მამის და ახლობლების საფლავებია, სადაც დღემდე გელოდებიან, უბრალოდ გელოდებიან წლობით, წუთებით, თუ წამებით.
როგორი გადატვირთულიც არ უნდა იყოს თბილისი შენობებით და ჰაერი დაბინძურებული, მე გული და სული მაინც აქეთ მომიწევს და ეს არის ჩემთვის ულამაზესი ქალაქი და ადგილი მთელს მსოფლიოში, უბრალოდ უნდა მივხედოთ ქალაქს.
რა თქმა უნდა ყველაფერი არ მომწონს, თუ ამ მაღალი კორპუსების ჩაკვეხება არ შეჩერდა, თბილისს დაეკარგა თავისი პეწი, ძალიან გადაიტვირთა შნეობებით, ავტომობილებით, სუნთქვა შეუძლებელი გახდა. გაუმართავი მანქანების გამონაბოლქვი მძიმედ აავადებს ადამიანს, უსათუოდ უნდა გამოსწორდეს ეს მდგომარეობა.
მინდა მივმართო თბილისელებს, ყველამ მივხედოთ ჩვენს თბილისს დედაქალაქს, ისე როგორც საკუთარ შვილს რომ მიხედავს ადამიანი. მსურს თბილისს დაუბრუნდეს ხალისი, სიცოცხლე და ჯანმრთელბა, ანუ ჟანგბადი და სუფთა ჰაერი. მიდნა, რომ ყველას გულით ემღერებოდეს რევაზ ლაღიძის სიმღერა:
“თბილისო, მზის და ვარდების მხარეო, უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა”…
ესაუბრა შორენა პაპაშვილი

კომენტარი