ვინ ჯარიმდება მგზავრის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში – მიკროავტობუსის მძღოლებისთვის 100 ლარიანი ჯარიმა ამოქმედდა

ვინ ჯარიმდება მგზავრის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში – მიკროავტობუსის მძღოლებისთვის 100 ლარიანი ჯარიმა ამოქმედდა

412
გაზიარება

მიკროავტობუსების გაჩერების ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან 12 დღე გავიდა. გამოვლენილი სამართალდარღვევების მიუხედავად, პირველი მარტიდან დღემდე ფულადი ჯარიმა არავის მიუღია. კანონდარღვევის 100-მდე შემთხვევიდან კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა” გარკვეული სანქცია მხოლოდ 22 მძღოლს დააკისრა და მათ სატრანსორტო საშუალების მართვის უფლება 2 დღით ჩამოართვა.
როგორც “სითი კვირას” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ფულადი ჯარიმების აქტიურად ამოქმედება დღეიდან დაიწყება. თითოეული დარღვევის შემთხვევაში, მიკროავტობუსის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება. აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევის განმეორება ჯარიმის ოდენობის გაზრდას ან დამატებითი სანქციის დაკისრებას არ გულისხმობს და არასწორ ადგილას გაჩერებისთვის მძღოლს ყოველთვის ერთი და იმავე ოდენობის თანხის, 100 ლარის გადახდა მოუწევს.
როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პრესსამსახურში განმარტავენ, ჯარიმა მძღოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, როცა მიკროავტობუსის კანონდარღვევით გაჩრების ფაქტს თბილისის მიერიისა და „თბილისის მიკროავტობუსის” მიერ გამოყოფილი მონიტორინგის ჯგუფები დააფიქსირებენ. დარღვევის აღმოსაჩენად სხვა ბერკეტი, მაგალითად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, არ არსებობს.
რაც შეეხება თავად მგზავრს, თუკი ის გაფრთხილებისა და მძღოლის სიტყვიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, არასწორ ადგილასა და შეუსაბამო დროს საკუთარი სურვილით ჩამოვა (მაგალითად, მიკროავტობუსის შუქნიშანთან გაჩერებისას), აღნიშნულ გარემოებას საქმის წარმოების პროცესში გაითვალისწინებენ.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ახალ რეგულაციას მგზავრებსა და მძღოლებს შორის სერიოზული უთანხმოება ჯერჯერობით არ გამოუწვევია.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ქუჩებში საცობების შემცირებისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით დაწყებული საპილოტე პროექტის ფარგლებში, თბილისის 14 ქუჩაზე, – მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასალის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მიკროავტობუები მხოლოდ ავტობუსის მოსაცდელებთან უნდა გაჩერდნენ.

კომენტარი