ძველი სპორტული მოედნის ნაცვლად სასაფლაოებთან ავტოსადგომი მოეწყობა 

ძველი სპორტული მოედნის ნაცვლად სასაფლაოებთან ავტოსადგომი მოეწყობა 

220
გაზიარება

თბილისის ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე არსებულ სასფლაოსთან, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ, საკუთარი ძალებით მოწყობილი ძველი სტადიონის ადგილას, ავტოსადგომი აშენდება.  გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიას სასაფლაო ესაზღვრება, იქ სათამაშო მოედნის აშენება გამგეობაში მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. 
როგორც
 “სითი კვირას” ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა, სარგებლობაში აქვს შპს “ჰერმესს”, რომელიც იქ ავტოსადგომს მოაწყობს, რისი საჭიროებაც დღეს არსებობს.
​”ოდესღაც ამ ტერიტორიაზე არსებობდა სტადიონი, თუმცა მაშინ სასაფლაოები ასე ახლოს არ იყო. ახლა ნამდვილად უხერხულია აქ მოედნის მოწყობა, როდესაც გვერდზე საფლავებია. გასვენების ცერემონიალის და ფეხბურთის ერთად თამაში მგონი არ არის მიზანშეწონილი”, – აცხადებენ გამგეობაში.
მოქალაქე სტადიონის მოწყობას სხვა ტერიტორიაზე ითხოვს. მან ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგეობას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა. გამგეობის თანამშრომლები ხვალ ადგილზე გავლენ და ალტერნატიულ ტერიტორიას დაათვალიერებენ, სადაც მოქალაქე სპორტული მოედნის მოწყობას ითხოვს. ამის შემდგომ კი საკითხს განიხილავს გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილება.
“საკმაოდ დამრეცი ადგილია და არის თუ არა იქ სტადიონის მოწყობა მიზანშეწონილი, აუცილებლად საჭიროებს შესწავლას. აღსანიშნავია, რომ რაიონის მასშტაბით, ყველა ფერდობზე გეოლოგიური პროცესების კვლევა მიმდინარეობს, მათ შორის, ღრმაღელის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ფერდობზეც, სადაც სპორტული მოედნის მოწყობა სურთ. გეოლოგიური კვლევის შედეგების შემდეგ, შევძლებთ კონკრეტულად განსაზღვრას, იქნება თუ არა შესაძლებელი აღნიშნულ ტერიტორიაზე სტადიონის მოწყობა”, – განმარტავენ გამგეობაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კვლევების შესახებ დასკვნა აპრილში მომზადდება.
ღრმაღელის, თმოგვისა და ბეჟანიშვილის ქუჩის მცხოვრებლები სპორტული მოედნის მოწყობას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ შორიახლოს არ არსებობს სტადიონი, რის გამოც ფეხბურთის სათამაშოდ ახალგაზრდები დიღმის მასივში დადიან.
“კიკვიძის პარკი კი ჩვენგან შორს არის და რომც ჩახვიდე ვერ ითამაშებ იმდენი ხალხია. როცა ფეხბურთის თამაში გვინდა, დიღმის მასივში მივდივართ მანქანებით. ამ ტერიტორიაზე სტადიონი თუ გაკეთდება, 3 უბანი ისარგებლებს”, – აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
მათივე თქმით, სტადიონის მოწყობა მოზადებისთვისთვისაც სტიმული იქნება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოემსახურება. დღეს კი, ბავშვები უმეტესად სახლებში არიან გამოკეტილები, იმის გამო, რომ ახლო-მახლო არანაირი გასართობი – სტადიონი ან სკვერი არ აქვთ.

კომენტარი