არასწორი პარკირებისთვის დაჯარიმებისა და ავტომობილის ევაკუირების სისტემა არ იცვლება – მამუკა კობახიძე

არასწორი პარკირებისთვის დაჯარიმებისა და ავტომობილის ევაკუირების სისტემა არ იცვლება – მამუკა კობახიძე

475
გაზიარება

დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილების პარკირებაზე კონტოლს, 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს და შესაბამისად, ყველა იმ უფლებამოვალეობებს შეითავსებს, რომლებსიც აღებული აქვს “სითი პარკს” – პარკირების სისტემის მოწესრიგება, საპარკინგე ბარათების დამზადება, პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა და ავტომობილის ევაკუირება.
როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ განუცხადა, 10 აპრილამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას აქვს გონივრული ვადა, რათა ქალაქში პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელოს.
“10 აპრილიდან იმავე მოცულობით ჩავანაცვლებთ “სითი პარკს”, რა მოცულობის სამუშაოსაც ის ახორციელებდა. თუმცა, გრძელვადიან ჭრილში, რამდენი ხნის განმავლობაში განახორციელებს სატრანპოსრტო კომპანია ამ მომსახურებას, ან რა ფუნქციები დარჩება, ამაზე უკვე მოგვიანებით თბილისის მთავრობა გააკეთებს განაცხადს”, – აცხადებს მამუკა კობახიძე.
“სითი პარკის” მიერ გამოწერილ ჯარიმებს რაც შეეხება, მამუკა კობახიძის განმარტებით, 10 აპრილიდან არც ერთი ჯარიმა არ გაუქმდება, თუმცა, არც მძღოლებისთვის გაუარესდება პირობები.
“10 აპრილამდე, თუ რამე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, მოპასუხე მხარედ “სითი პარკი” დარჩება. ჩვენ არ ვიქნებით ამ კომპანიის სამართალმემკვიდრე. ჩვენ ვენაცვლებით ახალი კომპანია, რომელიც თბილისში პარკირების პრობლემას მოაგვარებს. ჩვენ დღეს გვაქვს ჩვენი გარკვეული რესურსი, ვინაიდან ანალოგიური ტიპის მომსახურებას ვანხორიელებთ, როგორიც არის მგზავრთა მონიტორინგი, უბილეთო მგზავრობა და ა.შ, შესაბამისად, თუ რამე დამატებითი რესურსი იქნება ამისთვის საჭირო, ჩვენ გვაქვს პერიოდი რომ მოვემზადოთ”, – განუცხადა “სითი კვირას” მამუკა კობახიძემ.
თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, მიზეზად კი კომპანიის მხრიდან მოქალაქეების უფლებების შელახვა, უპასუხისმგებლობის გამოვლენა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება სახელდება.
“თბილისში უნდა არსებობდეს თანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთავს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარი