კირილე ზდანევიჩის ერთადერთი კედლის პანო თბილისში, განადგურებულია

კირილე ზდანევიჩის ერთადერთი კედლის პანო თბილისში, განადგურებულია

624
გაზიარება

რუსთაველის გამზირის N16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ, 1919 წელს მოხატული კედლის პანო, რომელიც საქართველოში ერთადერთი იყო, განადგურებულია. ფართის მეიჯარე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის რემონტი დასრულებული იყო და პანო აღარ არსებობდა. ამჟამად ოფიცერთა სახლის პირველი სართულისა და სარდაფის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია
როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მომხდარი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
როგორც “სითი კვირას” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, კვლევის დასრულებისთანავე ჰქონდათ მცდელობა, რომ მესაკუთრესთან გაეფორმებინათ მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება.
“არაერთხელს გავაფრთხილეთ და მივწერეთ მას, რომ არ მომხდარიყო ამ ხელოვნების ნიმუშზე არასათანადო ჩარევა. სანამ გაფორმდებოდა  ხელშეკრულება პანო სრულიად განადგურდა “ – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ისტორიულ პანოზე ფიზიკური სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ ახალ მესაკუთრეს არც სააგენტოსთვის და არც მერიის შეაბამისი სამსახურებისთვის უცნობებია და შეუთანხმებია, რაც დამატებით სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შემთხვევის ადგილზე დღეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ, რომელმაც 2 წლის წინ, კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტების კვლევითი ანალიზი განახორციელეს. სამუშაოები მაშინ კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტომ დააფინანსა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აპირებს, დღესვე მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა უმოკლეს დროში გამოიძიონ ინციდენტი და სამართალდამრღვევის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს.
პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის, კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მოხატულობა უნიკალურია არა მხოლოდ მისი მაღალი მხატვრული ფასეულობის, არამედ საერთო კულტურული კონტექსტის გამო: 1918 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირის N16-ში მდებარე სახლის სარდაფში დაარსებული კაფე „არგონავტთა ნავი“ ტფილისური კულტურული ცხოვრებისა და ქართული ავანგარდის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ამ კაფეში კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობა კი უნიკალური იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მსოფლიოში ძალიან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი ზდანევიჩის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობა, საქართველოში კი ეს ერთადერთი იყო.
-პანო-1520935358-1024x512

კომენტარი