“სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ითავსებს  

“სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ითავსებს  

636
გაზიარება

თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე კი „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის მიუღებელია ნებისმიერი კომპანიის მხრიდან მოქალაქეების უფლებების შელახვა, უპასუხისმგებლობის გამოვლენა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება.
მისივე თქმით, თბილისში უნდა არსებობდეს თანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები. მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არ შევურიგდები არც ერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ ქალაქის უკეთეს მომავალს საზოგადოებასთან ერთად ვქმნით და საზოგადოებრივი მომსახურებების სამართლიან და მაღალ სტანდარტებს ვნერგავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, კომპანია “სითი პარკის” მხრიდან გამოიკვეთა საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან პრინციპული შეუთავსებლობა.
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის ახალი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და მიზანია, თბილისი თანამედროვე, კომფორტული ქალაქი გახდეს, სადაც მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება, შემცირდება კერძო ავტომობილების რაოდენობა და ქვეითებზე მორგებული გარემო შეიქმნება.

კომენტარი