“პლეხანოვი” უბანს ერქვა – მწერალი ზაალ სამადაშვილი ძველ თბილისზე

“პლეხანოვი” უბანს ერქვა – მწერალი ზაალ სამადაშვილი ძველ თბილისზე

653
გაზიარება
პლეხანოვი უბანს ერქვა… რუსი რევოლუციონერის სახელობის გამზირის გარდა, რომელიც მარქსის მოედნიდან იწყებოდა და მუშტაიდის ბაღთან მთავრდებოდა, უბანს ეკუთვნოდა მისი პარალელური და გადამკვეთი ქუჩები ქვევით – მტკვრამდე და ზევით – რუსულ ეკლესიამდე. უბანიცა და გამზირიც ორად იყოფოდა, აქეთა და იქითა პლეხანოვად, ანუ “ვარანცოვად” – კარლ მარქსიდან მარჯანიშვილამდე და უბრალოდ პლეხანოვად – მარჯანიშვილის მოედნიდან კინოსტუდიის ძველ შენობამდე. კინოსტუდიიდან მუშტაიდის ბაღამდე არსებულ ტერიტორიას “გოსკინპრომად” მოიხსენიებდნენ. ეს რუსული აბრევიატურა ქართულად სახკინმრეწვს – სახელმწიფო კინომრეწველობას ნიშნავდა და რაკი წარმოსათქმელად უფრო ეიოლებოდათ, ამიტომ იყენებდნენ სახელად. ამ დაყოფის ავტორები, რა თქმა უნდა, ქუჩის ბიჭები იყვნენ, ოღონდ ვინ და რომელი თაობის – აღარავის ახსოვს.

პლეხანოვის გამზირი ერთ ქუჩაზე წიგნის მაღაზიების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო ქალაქში. რომ წამოხვიდოდი კომუნალურ საცხოვრებლად გადაკეთებულ ვორონცოვ-დაშკოვის სასახლიდან მარჯანიშვილის მოედნისკენ, პირველი აბრა წარწერით – “წიგნები”, ვარციხის ქუჩასთან არმისულს შეგხვდებოდა. ეს იყო საშუალოზე დიდი ოთახი, რომელსაც მზე დღის არცერთ მონაკვეთში არ ადგებოდა და სადაც ქართულ და რუსულ გამოცემებთან ერთად ნოტებიც იყიდებოდა. მუსიკის ანბანი “სოლფეჯიო” და ზონრებიანი სანოტო ჩანთა, რომლის ტარებაც ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ძნელად ასატან სირცხვილს მგვრიდა, აქ მიყიდა დედამ. გააგრძელებდი გზას კინოთეატრ “კოლხიდისკენ”, გაივლიდი ორასიოდე მეტრს და მიადგებოდი კიდევ ერთ მაღაზიას, ოღონდ უფრო ვრცელს და, რაც მთავარია. სხვა მაღაზიებისგან განსხვავებულს. წიგნების დათვალიერება და არჩევა სხვის დაუხმარებლად, მარტო ამ უბანში კი არა, მთელ თბილისში, მხოლოდ აქ შეიძლებოდა. საჭირო არ იყო ლურჯხალათიანი გამყიდველი ქალის შეწუხება, ეს წიგნი მანახეთ, ახლა კი, ესო. გამყიდველი იჯდა თავისთვის შემოსასვლელთან, პატარა მაგიდაზე იდაყვებჯენილი, თავად კი დადიოდი კედლებს აყოლებული თაროების გასწვრივ და შენ გემოზე, რამდენი ხანიც გინდოდა, ფურცლავდი წიგნებს. ამ მაღაზიაში ნაყიდი წიგნებიდან დღემდე შემომრჩა ჯონ ჰანტერის “კუმაონის კაციჭამიები”. ავტორი პროფესიონალი მონადირე იყო და იმ მტაცებლებს დასდევდა, ადამიანებს რომ ერჩოდნენ. თხუთმეტი წლისას, სწორედ აქედან გამოსულს ამიხირდნენ ქუჩის ბიჭები, რამაც ხანგრძლივ მტრობას ჩაუყარა საფუძველი და ეს მტრობა დასრულდა იმით, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევიგნე, მოწინააღმდეგეს მუდამ უნდა დაუტოვო უკან დასახევი გზა…

გამოსცდებოდr1jzuი “კოლხიდას”, გაუსწორდებოდი ოცდამეთორმეტე სკოლას და შემოგხვდებოდა სახელმოწერო გამოცემების მაღაზია. მაღაზიის თაროებზე მხოლოდ მრავალტომეულები ეწყო, საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში გამოცემული რუსულენოვანი ლიტერატურა, კლასიკურიც და თანამედროვეც, მკაცრი ცენზორების მიერ გადარჩეულ სასურველ წიგნებზე ხელმოწერა რომ გაგეფორმებინა, გრძელ რიგში უნდა მდგარიყავი დილიდან საღამომდე და ცოტაოდენი იღბალიც უნდა გქონოდა ცხვირწინ რომ არ მოეხურათ ნიკელის სახელურიანი შემინული კარი. ბედმა ორჯერ გამიღიმა, ერთხელ ჯეკ ლონდონის ოთხტომეული მოვიპოვე და მეორედ – “სათავგადასავლო ბიბლიოთეკა”. კინოსტუდია “დეფას” მიერ ინდიელებზე გადაღებული ფილმების ჩვენება რომ დაიწყეს ერთმანეთის მიყოლებით, ფენიმორ კუპერი უკვე წაკითხული მქონდა და თანატოლებისგან განსხვავებით, ოდნავადაც არ მიჭირდა წარმომეთქვა სიტყვა – “ჩინგაჩგუკი”.

სანამ გორკის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკთან, მოკლედ და პლეხანოვურად – გორკის ბაღთან მიხვიდოდი, გვერდს ჩაუვლიდი მთავარ ფოსტას და მიხეილის საავადმყოფოს, რომლის ფასადს ზევით, სახურავის გასწვრივ საშუალო სიმაღლის რამდენიმე შპილი ედგა. გორკის ბაღი, ნავთლუღში მდებარე საავიაციო ქარხნის კლუბთან ერთად, ის ადგილი გახლდათ, სადაც დაწყებიდან ნახევარ საათში აღსაკვეთად განწირულ კონცერტებს მართავდნენ იატაკქვეშეთსი მყოფი გრძელთმიანი მუსიკოსები. აქ, საზაფხულო კინოთეატრის სცენაზე ასრულებდნენ ბითლზების “sgt, peppers lonely heart cLub band”-ს ვალერი კოჩაროვი და დათო შუშანია და ადგილზე აცეკვებული გოგო-ბიჭების გასაგონად პირველად აქ გაისმა მილიციელის მიერ წარმოთქმული, შემდგომში ანეკდოტად ქცეული ფრაზა – აფციაური, რიგებს უკნიდან დაუარე, უფროსმა თქვა, “ფაია” (“FIRE” – DEEP PURPLE-ის ) იწყებაო!..

მარჯანიშვილის მოედნამდე ორი ღირსშესანიშნაობისკენ გაგექცეოდა თვალი. ქორეოგრაფიული სასწავლებლის უზარმაზარი, ტლანქი შენობისკენ, რომლის წინ პეპლებივით დაფარფატებდნენ სიფრიფანა, გაჩხინკული გოგონები და მეჩნიკოვის ქუჩის გადაჭრის შემდეგ, თევზის მაღაზიის ვიტრინისკენ, საიდანაც შეგეძლო გეყურებინა, როგორ ალამუნებდნენ ტუჩებს აკვარიუმში ზანტად მცურავი სარკისებრი კობრები.

მარჯანიშვილის მოედანს ადრე “კიროჩნი” ერქვა. ეს სახელი იმ დროიდან მოდიოდა, როცა აქ გერმანელების მიერ აშენებული ეკლესია – კირხა იდგა. რუსული “კიროჩნი” ქართულად კირხისას ნიშნავს, კომუნისტებმა ეკლესია, რა თქმა უნდა, დაანგრიეს, ხოლო მოგვიანებით კი, მოედნის დიდ ნაწილს, თითქმის ორ მესამედს სტალინური არქიტექტურის ტიპური ნიმუში – კოშკურებითა და თაღოვანი აივნებით დამშვენებული სახლები შემოავლეს.yzou8

ამ სახლების პირველ სართულებზე განლაგებულ მაღაზიებს შორის ყველაზე მდიდრული – საკონდიტრო გახლდათ, მასიური სვეტებით სექციებად დაყოფილი, მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული დარბაზი, სადაც ფეხის შედგმისთანავე ვანილის მოტკბო, არომატული სურნელი დაგახვევდა თავბრუს. თავბრუდახვეულს კი, ბროლის ვაზებზე გორებად დახვავებული კარამელები, ნიგვზისგულიანი შოკოლადები, შაქარმოყრილი მარმელადები და მიწის თხილით დატენილი ნუგები მოგტაცებდა თვალს…

მე და ჩემი კლასელი ირაკლი იაკობაშვილი, მეტსახელად “იაქე”, სკოლიდან რომ გამოვიპარებოდით ხოლმე, თითო ნუგას ვიყიდდით და სანამ კინოთეატრ “კომკავშირელის” სულ ბოლო რიგში მოვკალათდებოდით, აუცილებლად შევივლიდით მეტროს სადგურის გვერდით მდებარე “ხელოვნებაში”, რომლის პირველ სართულზე ფერმწერთა ალბომები და ცნობილი ტილოების რეპროდუქციები, ხოლო ანტრესოლში კი, სადაც დახვეული კიბით უნდა ასულიყავი – წიგნები იყიდებოდა. მარკ ტვენის “უფლისწულსა და მათხოვარს” ახლახანს გადავაწყდი ჩემი ბიბლიოთეკის ქექვისას და გამახსენდა, რომ ეს წიგნი, დასურათებული ჯემალ ლოლუას მიერ, იაქემ მაჩუქა მორიგ “შატალოზე” ყოფნისას და იქვე წამიწერა – “სახსოვრად ზალიკოს ირაკლისგან”. ავტოკალამი, რომლითაც ეს სიტყვები იწერებოდა – პასტისა იყო, ოთხფერიანი და არ მეგულებოდა ჩვენი თანატოლი, რომელიც არ ოცნებობდა იმ დროისთვის ასეთ უცხო და არაჩვეულებრივ ნივთზე… იქვე მაქვს ნაყიდი ლუი ანრი ბუსენარის “ჩხუბისთავი კაპიტანი”, ყველაზე კარგი საკითხავი წიგნი ინგლის-ბურების ომზე და ბურების ევროპელი თანამემამულის, ვან გოგის რეპროდუქცია “მზესუმზირები მაიოლიკის ლარნაკში”, რომელიც გასული საუკუნის ბოლომდე ეკიდა ჩვენი ძველი სახლის ნესტისგან გამობერილ კედელზე…

ოთხმოციანი წლების მიწურულს პლეხანოვის გამზირს დიდი მეფის – დავითის სახელი ეწოდა. მერე და მერე სახელები შეეცვალათ კალინინისა და კლარა ცეტკინის, კამოსა და შეროზიას, ოცდახუთი თებერვლისა და რენინგერის ქუჩებს. ტყვიავის, ნინოშვილის, კიევის, პასტერის, კლდიაშვილის, ბაქოს და ჩხეიძისა – დარჩა, კარგი იქნებოდა წიგნის მაღაზიებიც რომ დარჩენილიყო… მაგრამ ისინი, რომლებიც გავიხსენე, აღარ არსებობს და ოცდაათი, ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ ვეღარავინ იტყვის,- ეს გამზირი ჩემს ბავშვობაში წიგნის მაღაზიების სიმრავლით პირველ ადგილზე იყო ქალაქშიო…

 

კომენტარი