სანიტარული მატარებელი “113” – როგორ ხვდებოდა თბილისი 1918 წლის გაზაფხულს

სანიტარული მატარებელი “113” – როგორ ხვდებოდა თბილისი 1918 წლის გაზაფხულს

689
გაზიარება

სანიტარული მატარებელი “113”, პეტროგრადი – თბილისი – ბაქო, 1918 წლის 28 მარტს დაიძრა  „ფინლანდიის სადგურიდან“. სამშობლოში დაბრუნებულების გარდა, საევაკუაციო ჯგუფში მრავალი სხვაც აღმოჩნდა, რომელთაც დახმარებას უწევდა საქართველოს ეროვნული კომიტეტი. სწორედ ამ კომიტეტმა მოახერხა სმოლნის ხელისუფლებისაგან ნებართვის მიღება, თუმცა იმ პირობით, რომ მატარებელი თავად  ეშოვნათ და შემდეგ უკან დაებრუნებიათ. როგორც ამ მატარებლის ერთ-ერთი მგზავრი, ზურაბ ავალიშვილი წერს პრობლემები ამით არ დასრულებულა. საჭირო იყო მგზავრთა სიის შედგენა და გვარის გასწვრივ ავადმყოფობის აღნიშვნა “ამას გვაიძულებდა მატარებლის სახელი „სანიტარული“.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენი დაბრკოლება შეხვდათ რევოლუციის ქარცეცხლში გახვეული რუსეთიდან თავის დაღწევის მსურველებს. როსტოვში ვაგონები ჩამოაკლეს, სადგურ „კავკაზსკაიაზე“ კი საერთოდაც მატარებლის წართმევას შეეცადნენ. აქაც გადარჩნენ, მაგრამ ქალაქი არმავირი 39 მგზავრისთვის საბედისწეროდ იქცა.
ოფიცრებს ჯარისკაცებმა განაჩენი გამოუტანეს და „სასჯელი იქვე მოიყვანეს სისრულეში, ტყვიამფრქვეველით და ისეთის დაუნდობლობით, რაც მაშინ კიდევ ანცვიფრებდა ადამიანს“. ოფიცერთა შორის 13 ქართველი ოფიცერი და ორი სტუდენტი აღმოჩნდა. ეს უკანასკნელნი ოფიცერთა ვაგონში „ბანქოს სათამაშოდ“ გადასულან… არმავირში გადატანილ შიშსა და შეურაცხყოფაზე აღარ შევჩერდები, მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გავამახვილებ ყურადღებას: ქართულად მოსაუბრეებს დარაჯმა, შავ-მიწის გულუბრყვილო გლეხმა  დაუღრიალა, – “აქ აკრძალულია თქვენებურად ლაპარაკი!“ – მას უეჭველად, არ ესმოდა რომ გამოთქვამდა მთელ სახელმწიფოებრივ პროგრამას!“.
ზურაბ ავალიშვილმა ავტომობილით განაგრძო თბილისისკენ გზა. „ცარიელი იყო საქართველოს სამხედრო გზა. უღელტეხილი თოვლისგან მხოლოდ მაშინ იწმინდებოდა. მდგომარეობაც არ უწყობდა ხელს მოენახულებინათ ეს ადგილები კოსტრომისა და მოჟაისკის იმ ათას „ვალოდიებსა“ და „შუროჩკებს“, რომელნიც წარსულ წლებში ქვაზე, კლდეზე და კედელზე თავიანთი სახელების აღბეჭდვას მოვალეობად მიიჩნევდნენ და ჩვენ ამით გვაჩვენებდნენ ჭია ადამიანის სურვილს ამ საბრალო წინწკლებით მოგვაგონოს თავი იქ, სადაც ოცნება პრომეთეოსის დიდის ტანჯვის ღირსეულ ჩარჩოს ეძებს. „თამარ დედოფლის კოშკთან“ მაგონდება აკადემიკოსის ნ.ი. მარის გაკვირვება, თუ რისთვის გარდაქმნა ლერმონტოვმა საქართველოს ისტორიის დიადი, ხატად მიჩნეული თამარი, დარიალის კლდიდან შემთხვევითი საყვარლების გადამგდებ დიაცათ. მე კი მგონია, რომ ეს უფრო გაართობს „ვოლოდიებსა“ და „შუროჩკებს“.
გზა პეტერბურგიდან თბილისამდე თითქმის მთელი თვე გაგრძელდა.
„ჩვენ უკვე მივედით ტფილისში. დღე მზიანი და თბილი იყო; სიცოცხლით სავსე ქუჩები, ხალხის მხიარული და სავსებით მშვიდი გამომეტყველება სრულიად არ ჰგავდა იმას, რასაც ჩვენ მივეჩვიეთ უკანასკნელ წელში რუსეთში. ჩვენ ვიგრძენით, რომ აქ არა მარტო ჰაერია სხვანაირი, არამედ რომ წრეც სხვაგვარია: ემჩნევა, რომ რევოლუცია თავის საქმეს აქაც აკეთებს, მაგრამ გზა და ფორმები სხვაა“, – ასეთი ხვდებოდა თბილისი 1918 წლის გაზაფხულს და დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის ემზადებოდა.

წყარო: “საქართველოს დამოუკიდებლობა 191801921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში”

ზურაბ ავალიშვილი – (1874-1944) ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, დიპლომატი, პუბლიცისტი… საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში.   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი  ავტორი. 1921 წელს წავიდა ემიგრაციაში.

 მასალა მოამზადა ნინო გედენიძემ

კომენტარი