დაფინანსების ახალი წესი ამხანაგობას საბანკო ანგარიშის გახსნას ავალდებულებს

დაფინანსების ახალი წესი ამხანაგობას საბანკო ანგარიშის გახსნას ავალდებულებს

1723
გაზიარება

ბინათმესაკუთრეთა ამხნაგობის დაფინანსების წესის ძირეული ცვლილების შედეგად, ამხანაგობა ვალდებულია, გახსნას ბანკში საკუთარი ანგარიში, პერიოდულად შეიტანოს გარკვეული თანხა და აწარმოოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.
როგორც “სითი კვირას” დიდუბის გამგეობის ამხანაგობის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი ჯიღაურიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ თანხას თითოეული კორპუსის მცხოვრებნი საერთო საჭიროებისამებრ განკარგავენ და დაფარავენ ისეთ ხარჯებს, რომელთაც გამგეობა არ ანაზღაურებს, მაგალითად, დაასუფთავებენ სადარბაზოს, გამოცვლიან გადამწვარ ნათურას, დარგავენ ხეებს და ა.შ.
პარალელურად, გამგეობა საკუთარ თავზე იღებს საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების 100-%-ით დაფინანსებას, ასე რომ, თუ აქამდე, თითოეული პროექტის შემთვევაში, ამხანაგობის თანადაფინანსება 10-20% იყო, ამ თანხას მოსახლეობა ამხანაგობის საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობისთვის გამოიყენებს.
გიორგი ჯიღაურიშვილის განმარტებით, ამავე თანხიდან შეძლებს ამხანაგობა, საჭიროების შემთხვევაში, გადაუხადოს ბუღალტერს და გამგეობის რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, გარკვეული გასამრჯელო ამხანაგობის თავმჯდომარესაც განუსაზღვროს, კერძოდ კი იმდენი, რამდენიც ამ უკანასკნელს ამხანაგობის საერთო საქმისთვის გაწეულ ხარჯებს აუნაზღაურებს.
მისივე თქმით, ცვლილებების მიზანია მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება.
“აქამდე მოსახლეობა თვითონ პოულობდა ორგანიზაციას, შემოჰქონდა განცხადება, თავად ანგარიშობდნენ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო თანხის ოდენობას და გამგეობა აფინანსებდა. ახლა გამგეობა დააფინასნებს თითოეულ პროექტს მხოლოდ მაშინ, თუ მოსახლეობა მისი ღირებულების 10%-ს ააგროვებს, თუმცა ერთი განსხვავებით, ეს 10% ისევ მათი იქნება. პირველადი შენატანის დროს ამხანაგობამ უნდა ჩაატაროს კრება, მიიღოს წესდება, შეადგინოს წლიური გეგმა, განსაზღვროს პრიორიტეტები და კრების ოქმში ჩაწეროს. წესდებაში უნდა განისაზღვროს, თუ რა პრინციპით შეაგროვებენ ამხანაგობის წარმომადგენლები თანხას: ბინის ფართის, სულადოების თუ კრიტერიუმის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, გეგმის შემდგომი კორექტირება შესაძლებელია”, – განმარტავს დიდუბის გამგეობის ამხანაგობის განყოფილების ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, შესაძლოა, წლის განმავლობაში ამხანაგობამ არაფერი გააკეთოს, თუმცა თანხა შეუძლია, საკუთარი სურვილის მიხედვით, მაინც შეიტანოს, მაგრამ პროექტს გამგეობა არ დააფინანსებს, თუკი ამხანაგობა საჭირო თანხის 10%-ს პროცენს თავისივე ანგარიშზე არ შეიტანს.
გარდა ამისა, თავმჯდომარე ვალდებულია, რეგულარულად აცნობოს და დოკუმენტურად წარუდგინოს ამხანაგობის წევრებს, თუ რაში იხარჯება მათი საერთო თანხა.

კომენტარი