ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა

ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა

324
გაზიარება

თბილისის შემოგარენში, კერძოდ, ზემო ფონიჭალაში, 8 000 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია გამწვანდება და ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა. ამ ეტაპზე მიმდიარეობს გამწვანების სამუშაოები.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, პარკის მშენებლობა კრწანისის გამგეობამ შარშან დაიწყო. დამონტაჟდა განათების ქსელი, მოეწყო სარწყავი სისტემა, ბილიკები და გამწვანების მასშტაბური თარგები, სადაც 15 სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის, ბუჩქოვანი მცენარეებიც დაირგო, გაკეთდა შადრევანი.
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან, კრწანისის რაიონის გამგებელთან და საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
კალაძის თქმით, ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდება.
“მაქვს წინადადება, მშვიდობიანობის დროს ოკუპაციის მსხვერპლთა საპატივცემულოდ, ეს პარკი მათი სახელობის იყოს. უნდა გამოვაცხადოთ კონკურსი სახელწოდებასთან და მემორიალთან დაკავშირებითაც. ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ვინც ომში ოკუპაციას შეეწირა, მაგრამ ძალიან დიდი უბედურება და კატასტროფაა ის, რომ ოკუპაციას ადამიანები მშვიდობიანობის დროს ეწირებიან. ჩვენ გუშინ დავკრძალეთ ჩვენი გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, შესაბამისად, ამ ადამიანებს დაფასება სჭირდებათ, ამიტომ, ვთავაზობ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ჩვენთან ერთად ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში, რათა ამ ადამიანების სახელი უკვდავყოფილი იყოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი