თბილისის მერია ლისის ტბის განვითარების ჩარჩო-გეგმას შეიმუშავებს

თბილისის მერია ლისის ტბის განვითარების ჩარჩო-გეგმას შეიმუშავებს

400
გაზიარება

თბილისში, ლისის ტბაზე ქაოსური განაშენიანების პროცესის შეჩერების მიზნით, ტერიტორიის პოტენციალის კვლევის საფუძველზე, თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური “ლისის ტბის განვითარების ჩარჩო-გეგმას” შეიმუშავებს, რომელსაც დაეფუძნება ამ არეალის შემდგომი განვითარება და ქალაქმშენებლობის პროცესები.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაწყებულია ლისის ტბის ერთი მხარის ქაოსურად განაშენიანება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობა, რითაც ლისის სარეკრეაციო სივრცე მიმზიდველია თბილისელებისთვის.
მერის განცხადებით, ჩარჩო-გეგმის შემუშავებამდე ამ არეალში დროებით შეჩერდება განაშენიანების პროცესი. ურბანული განვითარების სამსახურის მიერ მომზადებულ გეგმაში  გათვალისწინებული იქნება იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესები და ტერიტორიაზე ახალი მშენებლობების დაწყება დაემორჩილება აღნიშნულ ჩარჩო – გეგმას.
კახა კალაძე დადებითად აფასებს ლისის ტბის ერთი ნაწილის განვითარებას, რომელიც “თი ბი სი ბანკის” საკუთრებაა და მიაჩნია, რომ ტბის ამ არეალში გამწვანების კომპონენტი მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, რაც მისასალმებელია.
“ქალაქში გვაქვს ისეთი ტერიტორიები, რომლებიც მართლაც უმნიშვნელოვანესია რეკრეაციული ფუნქციით შენარჩუნებისა და სწორად განვითარების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ტბის ერთი ნაწილი მართლა საკმაოდ კარგად არის განვითარებული. “ლისი ვერანდა” თუ არ ვცდები “თი ბი სი ბანკის” პროექტია, სადაც გამწვანების კომპონენტი არის მაქსიმალურად ჩადებული, რაც მისასალმებელია”, – აცხადებს კახა კალაძე.
თბილისის მერის განცხადებით, ურბანული განვითარების თვალსაზრისით თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ქაოსური განაშენიანება და ამ პრობლემას სჭირდება დარეგულირება.
მისივე მოსაზრებით, საჭიროა ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მხოლოდ კომფორტული იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი. ასევე, დაცული უნდა იყოს დედაქალაქის, კერძო მესაკუთრისა და ინვესტორის ინტერესები.
“ეს სამი მიმართულება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს”, – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარი