მტკვარი სატრანსპორტო გადაადგილების საშუალებად უნდა იქცეს – იდეა თბილისის მერს

მტკვარი სატრანსპორტო გადაადგილების საშუალებად უნდა იქცეს – იდეა თბილისის მერს

4207
გაზიარება

ელექტრონული პორტალის –  „შენი იდეა ქალაქის მერს“ – ფარგლებში, თბილისის მერს, კახა კალაძეს მოქალაქეები მორიგ იდეას სთავაზობენ, რომელიც მდინარე მტკვრის სატრანსპორტო გადაადგილების საშუალებად გადაქცევას გულისხმობს.
იდეის ავტორი ბაკურ დარსალია მიიჩნევს, რომ მდინარის სათანადო გამოყენება დადებითად იმოქმედებს დედაქალაქში ცხოვრების ხარისხზე და ღირებულ ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს. მისი განმარტებით, იდეის განხორციელების შედეგად, თბილისი საკუთარ მივიწყებულ ტრადიციას ევროპის წამყვანი ქალაქების პრაქტიკას დაუკავშირებს, სადაც ძირითადი მდინარეები ქალაქის სატრანსპორტო, ტურისტული და რეკრეაციული სივრცეების განუყრელ ნაწილს წარმოადგენენ.
ბაკურ დარსალიას თქმით, თანამედროვე “წყლის ავტობუსი”, დიღმიდან ორთაჭალამდე, მტკვრის გასწვრივ გაშენებულ უბნებს დააკავშირებს და ბევრი თბილისელისთვის ახალ, ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებად იქცევა. გარდა ამისა, მოქალაქეები მდინარის გასწვრივ ზონებში ზუსტად განსაზღვრულ დროში, სწრაფად გადაადგილებას შეძლებენ.
“ბევრი უბანი, მნიშნველოვანი საჯარო ობიექტი და რეკრეაციული სივრცე ერთმანეთს პირდაპირი სატრანსპორტო ხაზებით დაუკავშირდება, რაც, გადაადგილების არსებული საშუალებებისთვის კონკურენციის გაწევით,  ხელს შეუწყობს საცობების განტვირთვას და გააძლიერებს თბილისის ტურისტულ პოტენციალს. შემცირდება მანძილი ძირითად ტურისტულ ზონებს შორის და გაჩნდება გადაადგილების მეტად მიმზიდველი საშუალება. პროექტი ხელს შეუწყობს თბილისის ტრადიციის თანამედროვედ წარმოჩენას და დააბრუნებს მდინარეს ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე, განავითარებს ახალ კომერციულ ობექტებს და სატრანსპორტო ქსელების ეკოლოგიურად უფრო სუფთა ალტერნატივას შექმნის.”- აღნიშნავს იდეის ავტორი.
იდეას ამჟამად 484 მხარდაჭერი ჰყავს. თუ ხმების რაოდენობა 2 500-მდე მიაღწევს, პროექტი განსახილველად დედაქალაქის ხელმძღვანელობას გაეგზავნება.

კომენტარი