„სითი ინსტიტუტს“ გენერალური გეგმის სრულყოფისთვის ვადა პირველ ივნისამდე განესაზღვრა

„სითი ინსტიტუტს“ გენერალური გეგმის სრულყოფისთვის ვადა პირველ ივნისამდე განესაზღვრა

690
გაზიარება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტს“, დოკუმენტის სრულყოფისა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად,  ვადა მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე განუსაზღვრა. როგორც მერმა კომპანიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, გენერალური გეგმის ჯგუფთან დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, ინტენსიურად მუშაობს.
კალაძის განცხადებით, „სითი  ინსტიტუტის“  მიერ  წარმოდგენილი  კონცეფცია ქალაქისთვის მისაღებია, თუმცა თბილისის მერია არსებული სახით წარმოდგენილ დოკუმენტს არ მიიღებს მანამ, სანამ ის სრულყოფილი არ იქნება.
„შეფასებისა და  ანალიზის პროცესში, საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჩავრთეთ. შედეგად,  წარმოდგენილი  იყო  შენიშვნები  და  მითითებები,  რომლებიც რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განვიხილეთ. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული  სახით  წარმოდგენილი  მასალების  მიღება ვერ  მოხდება. „სითი  ინსტიტუტის“  მიერ  წარმოდგენილი  კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია  პირველ ხუთ  ეტაპში – მწვანე ქალაქი, კომპაქტური  და  შეკავშირებული, მისაღებია. ჩვენთვის  მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, რაც მეექვსე ეტაპზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი“, – განმარტა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის და პირადად მისთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, უმნიშვნელოვანესია.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ. გვაქვს მოლოდინი  და  ყველანაირად  შევუწყობთ  ხელს, რომ „სითი ინსტიტუტმა“ ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი  მასალა წარმოადგინოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, თბილისის მერია, გენგეგმასთან დაკავშირებით, დისკუსიას,  პოლემიკასა და  განხილვას ასრულებს. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშაოების ჩაბარებისთვის  აუცილებელი პირობები  დამუშავებული და შეჯერებულია.
„სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა. მომსახურების ღირებულება 2 800 000 ლარით განისაზღვრა.
გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ექვს ეტაპს მოიცავდა: წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები; ქალაქმშენებლობითი ანალიზი/არსებული მდგომარეობის მომზადება; დაზუსტებული გეგმარებითი დავალება; კონცეფცია; მგგ-ს სტადია „პროექტი“; მგგ-ს საბოლოო პროექტი.

კომენტარი