თბილისს ერთი განსაკუთრებული წესი აქვს… – პოეტი დავით ქაქუთია

თბილისს ერთი განსაკუთრებული წესი აქვს… – პოეტი დავით ქაქუთია

1011
გაზიარება

თბილისს ერთი თავბრუდამხვევი, განსაკუთრებული წესი აქვს: ერთხელ თუ გაგიღო გულის კარი და შეგიყვარა, სამუდამოდ მის მონა-მორჩილად გაქცევს. რაც უფრო უახლოვდები და ითავისებ ამ ქალაქის გულისფეთქვას, უფრო შენი ხდება, სულში ისახლებს და ხვდები, რომ ვერასდროს მოშორდები. ერთი ნახვით გიყვარდება მზისა და ვარდების სადარი ეს დალოცვილი ქალაქი. მეც ეს დამემართა – სადაც არ უნდა წავიდე, სულ მაკლია და გული მაინც აქეთ მომიწევს – ჩემი “ბებერი მეზურნისკენ” – ჩემი თბილისისკენ. და ამ დროს, გალაქტიონის უკვდავი სტრიქონები ყველაზე უფრო გამოხატავენ ჩემს განცდებს: „…და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილისი ავირჩიე ბებერი“.
გავრბივარ მისკენ, როცა მიხარია და მაშინაც, როცა მწყინს. ყველაზე მეტად მიყვარს მის ძველ უბნებში ხეტიალი – დღეც და ღამეც, მიყვარს მისი დილაც და საღამოც, მიყვარს ის წელიწადის ყველა დროს…  თბილისის ქუჩებში ხეტიალი, მგონი, ჩემ საყვარელ საქმედ ვაქციე:
“დაღლილ ქალაქში არავინ დარჩა,
არავინ დარჩა მდუმარე მტკვართან,
თითქოს ამ ღამეს რაღაცა აკლდა,
უსათაურო ლამაზ ლექსს ჰგავდა.”
კარგა ხანია, ჩემი თავი გამოვიჭირე – უცხოელი ტურისტივით, ძველ თბილისურ მოტივებს ქუჩა-ქუჩა ხან დავყვები, ხან დავეძებ ახალს და ფოტოაპარატის ერთი გაჩხაკუნებით თითქოს ვცდილობ, ხარბად, კიდევ ერთხელ და ღრმად ჩავისუნთქო ჩემი თბილისი – ჩემი დედაქალაქი, ასე ტკბილი და საყვარელი, ალბათ, ყველასთვის. ამ დროს თითქოს ძველი ქალაქი თავის წუხილს, თავის ისტორიას მიყვება, გულის წუხილს მიზიარებს და მეც, როგორც მესაიდუმლეს, სხვანაირად მსიამოვნებს ეს ყველაფერი… ალბათ, როგორც ძველ თბილისს შეაცბუნებდა, ისევე მაცბუნებს მეც ქალაქის ცენტრს სოკოებივით მოდებული უშინაარსო თუ ნაკლებ შინაარსიანი ახალი შენობა-კონსტრუქციები. მგონია, ღირსება ელახება ქალაქს, არაფერს რომ ეკითხებიან; დარწმუნებული ვარ, სტკივა, როცა უმახინჯებენ იერს, რითიც ეს ქალაქი თითოეულ მნახველს მისი არსებობის მანძილზე ატყვევებდა. მინდა, არ სტკიოდეს და არ წუხდეს ეს ქალაქი. მინდა, თბილისი კვლავ თბილისობდეს თავისი დიდი ისტორიითა და აზიურ-ევროპული შტრიხებით და ჰგავდეს თავის თავს. მინდა, დედაქალაქი ისევ იმ სითბოს და სურნელს აფრქვევდეს, რაზეც თავისი არსებობის მანძილზე დედა ბოძივით მყარად დგას.

კომენტარი