თბილისში ქუჩებს ჯამბულ წურწუმიასა და ელენე გოკიელის სახელები მიენიჭა

თბილისში ქუჩებს ჯამბულ წურწუმიასა და ელენე გოკიელის სახელები მიენიჭა

2116
გაზიარება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა სამგორის რაიონში, ჯამბულ წურწუმიას ქუჩის I და II შესახვევის და დიდ ლილოში, ელენე გოკიელის ქუჩის I შესახვევის მაცხოვრებლებს ქუჩების სახელდების დამადასტურებელი განკარგულებები გადასცეს.
ქუჩების სახელდების თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილი აცხადებს, ამიერიდან მოსახლეობა შეძლებს იმ საჭირო სერვისებით ისარგებლონ, რაც მისამართთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, პირადობის მოწმობის აღება, გზავნილის მიღება, სახანძრო, საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების შეუფერხებლად გამოძახება და სხვა.
“ეს ორივე საკითხი საკრებულოს სხდომაზე 30 მარტს მივიღეთ, მანამდე იყო კომისიის შიდა განხილვები, ორივე ქუჩა ადგილზე შევისწავლეთ. გოკიელის ქუჩის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შევხვდით და დავპირდით, რომ მათი პრობლემები ოპერატიულად მოგვარდებოდა”, – აცხადებს თინათინ ნიბლოშვილი.
აფხაზეთის შსს-ს თანამშრომელი ​ჯამბულ წურწუმია, 1993 წლის 18 სექტემბერს, აფხაზი სეპარატისტების მორიგი შეტევისას, მდინარე კოდორთან გამართულ სასტიკ ბრძოლებში დაიღუპა.
აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან მსახურობდა 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ფიზიკური მომზადების უფროსად, მაიორის წოდებით. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
ქართველი მძლეოსანი ელენე გოკიელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სიგრძეზე ხტომაში, საბჭოთა კავშირის რვაგზის მეორე და ორგზის მესამე პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საკავშირო და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი იყო. 1971-1992 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე.
ელენე გოკიელი 1992 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარი