ქალაქის სტრატეგიულ განვითარებას შეწირული ეკლესია – 100 წლის წინათ, თბილისში

ქალაქის სტრატეგიულ განვითარებას შეწირული ეკლესია – 100 წლის წინათ, თბილისში

1007
გაზიარება

“ბედისაგან დაჩაგრულნო მორწმუნენო ქართველნო! ასე კარგი, ლამაზი, ტურფა და მშვენიერია, საყვარელნო, გაზაფხული! ბუნების მრავალ-ფრად ყვავილობის დროს, სურნელების უხვად მოფენის დროს შეურჩევია ცისა და ქვეყნის წარმომშობელს და მის კანონთა დამწესებელს და გამგებელს ყოვლისა მპყრობელ უსაზღვრო გონიერებას, ღმერთს, ზეცით მოვლინება მთავარ-ანგელოზისა გაბრიელისა-ქალწულ მარიამისადმი კეთილი ამბის სახარებად“, – ეს ნაწყვეტი თბილისის სამღვდელოების მოძღვართ მოძღვარის, დავით გარსიაშვილის  ხარების დღესასწაულზე წარმოთქმული ქადაგებიდანაა.
დავით გარსიაშვილი 100 წლის წინათ, 1918 წელს დაბრუნდა თბილისში. ის 1914-1918 წლებში გაწვეული იყო პირველ მსოფლიო ომში და მსახურობდა სამხრეთ – დასავლეთის ფრონტის ერთ-ერთ ჰოსპიტალში, მღვდლად. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში კუკიის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელი იყო, 1945 წლიდან ამავე ტაძრის წინამძღვარი, 1922 წლიდან ვერის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის. იმ ეკლესიის, რომელიც ამჟამინდელი ვერის პარკში, აუზის (უკვე ყოფილის) ტერიტორიაზე აშენდა 1847 წელს. ტაძრის აშენება კი დაკავშირებული იყო 1804 წელს, ქაშვეთის ტაძრის მიდამოებში არსებული სასაფლაოს გაუქმებასა და ვერაზე ახალი სასაფლაოს გახსნასთან.29939737_2119494588077194_1888526836_n
1860 წელს ვერის სასაფლაოც დაიხურა, თუმცა 1921-1926 წლებში კვლავ აღადგინეს. აქ არის დაკრძალული 1921 წელს საბჭოთა ოკუპანტების წინაღმდეგ კოჯორთან ბრძოლებში დაღუპული რამდენიმე იუნკერი. თავად ეკლესია სასაფლაოს დახურვის შემდეგაც განაგრძობდა  ღვთისმსახურებას. 1862 წელს მრევლის სიმრავლის გამო გაფართოვდა, ხოლო 1933 წელს, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, სტრატეგიული განვითარების გეგმის თანახმად დაანგრიეს.
ტაძრის ისტორია, მისი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი მასალები და ფოტოები, მანანა ქუთათელაძემ მოიძია. დავით გარსიაშვილის არქივი კი, მისმა ვაჟმა, არჩილ გარსიაშვილმა გადასცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. გამოსაცემად კი ამავე ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, აწ არდაცვლილმა მანანა ყვავილაშვილმა მოამზადა.
დავით გარსიაშვილის არქივი ნამდვილი საგანძურია, მისი ქადაგებები კი საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის და რაც მთავარია ზნეობრიობის და სიყვარულის გაკვეთილები:
„რა არის საყვარელნო, საფუძველი ქრისტეს მოძღვრებისა?… ესე საფუძველია მშვიდობა, სიყვარული და სათნოება; ქვეყანასა ზედა მშვიდობის დამყარება, კაცთა შორის სიყვარულის განმტკიცება“ .

„სხვა შენთვის შენ სხვისთვის – აი, გზა ცხოვრებისა, აი, ხილი ცხოვნებისა; აი, გასაღები სამოთხისა!…  ილია ჭავჭავაძე, „გლახის ნაამბობი“.

„განა შესაძლებელია თვის ტომის დამწუნებელს, უარისმყოფელს და მოძულე კაცს, სხვათა ტომისანი უყვარდეს? ასეთს განა შეუძლია სხვის ბედ-იღბალზედ ზრუნვა და ფიქრი? კარგია „ინტერნაციონალობა“, მხოლოდ არა ჩვენში, თვის ტომის დამწუნებელთა და საკუთარ კერის და ჭერის უარისმყოფელთა შორის. არამედ იმათთვის, რომელთაც უცვნიათ ჯერ თავნი თვისნი, თვისი ერი და ქვეყანა, საკუთარი კერა და აკვანი, გაუზიარებიათ მისი ჭირი და ლხინი და შეუგნიათ მისი ავი და კარგი. ასეთების ხელში სულ სხვა გემოს ხილია“ ინტერნაციონალიბა“, ჩვენში ?…” – როგორ თანამედროვედ ჟღერს?! ასეთი მოძღვართ მოძღვარი ჰყავდა თბილისს 1957 წლამდე, უმძიმეს, ურწმუნობისა და ათეიზმის ზეობის წლებში.GarsiaSvili_Davit-9p.s. დავით გარსიაშვილის ერთ-ერთი ვაჟი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 19 წლის გიგლა 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის პირველ სექტემბერს დახვრიტეს.

მასალა მოამზადა ნინო გედენიძემ

კომენტარი