“კადეტთა კორპუსის” რესტავრაცია ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობას აღემატება – მთაწმინდის გამგეობა

“კადეტთა კორპუსის” რესტავრაცია ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობას აღემატება – მთაწმინდის გამგეობა

552
გაზიარება
თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის განცხადებით, თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩაზე მდებარე “კადეტთა კორპუსის”  რესტავრაცია  გამგეობის ფინანსურ შესაძლებლობას აღემატება. ამის მიზეზი ძეგლის ავარიულობის  IV კატეგორიაა, რაც კომპლექსური სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს და სპეციალიზებულ მიდგომასა და კომპეტენციას საჭიროებს. შესაბამისად, გამგეობა ადილობრივებს ურჩევს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და კანონის ფარგლებში, საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაცია მოითხოვონ.
როგორც “სითი კვირას” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მთაწმინდაზე მსგავს მდგომარეობაში ბევრი ისტორიული ძეგლია, გამგეობა კი ცდილობს, რაოდენობრივად მეტი სახლი შეინარჩუნოს, ამიტომ, ძირითადად, ახორციელებს სახლების კაპიტალური გამაგრების იმ პროექტებს, რომელთა ღირებულებაც 100 ათას ლარს არ აღემატება.
“ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ საკითხის მოგვარებას მერიას სთხოვენ თბილისის განვითარების ფონდის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პრობლემის მასშტაბურობა კარგად აქვთ გააზრებული. თან, ამ სახლის მდგომარეობის შესახებ უკვე საქმის კურსშია ყველა ის უწყება, ვინც უფლებამოსილია, ამ მიმართულებით იმუშაოს”, – განმარტავენ გამგეობაში.
აღსანიშნავია, რომ “კადეტთა კორპუსის” მცხოვრებლები მზად არიან, ხელი მოაწერონ ყველა დოკუმენტს, რომელიც კორპუსის გადასარჩენად და მობინადრეთა სიცოცხლის დასაცავად იქნება საჭირო.
როგორც ადგილობრივები “სითი კვირასთან” საუბრისას აცხადებენ, ისინი დედაქალაქის მერიასთან შეთანხმების მიღწევას წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ. არა ერთი თხოვნისა და ოფიციალური განცხადებით მიმართვის მიუხედავად, ვერ მოხერხდა შეხვედრა თბილისის ამჟამინდელ მერთან, კახა კალაძესთან.
თბილისის მერი კახა კალაძე კი, საყვედურს გამოთქვამს იმ ადამიანების მისამართით, ვინც ქალაქის მერიას კონკრეტული გადაწყვეტილებების განხორციელებაში ხელს უშლის და მაგალითის სახით, სწორედ ლაღიძის ქუჩის N2-სა და თაბუკაშვილის ქუჩის N46-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლებს ასახელებს.
„ადამიანები გამოდიან და გვაკრიტიკებენ, რატომ არ უფრთხილდებით ისტორიულ ძეგლებსო. კონკრეტული მაგალითი მაქვს: მივდივართ “კადეტთა კორპუსთან”, ისტორიული კორპუსია მთაწმინდაზე, რომელიც არის კატასტროფულ, ავარიულ მდგომარეობაში, შეიძლება დაინგრეს. მივდივართ და ვეუბნებით, ეს არის სარეაბილიტაციო. ჩვენ რეაბილიტაციის ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, რადგან ისტორიული ძეგლია, იერსახე შევუნარჩუნოთ. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც არაკანონიერი მიშენებები აქვთ, ვეუბნებით, რომ ძეგლის ფარგლებში ეს უკანონობები უნდა მოიხსნას, ძეგლს უნდა მიეცეს სახე, მაშინვე ექმნებათ დისკომფორტი და იწყება წინააღმდეგობა. ეს როგორ შეიძლება?“ – აცხადებს კალაძე.
26961676_1683231528387402_5868238621151302623_o-681x511-640x480თავის მხრივ, სახლის მობინადრეები თბილისის მერს ტყუილში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ მერიის დაუდევრობის მათთვის გადაბრალება უსამართლობაა.
​მათივე თქმით, „კადეტთა კორპუსს“, როგორც ორი საუკუნის წინ აშენებულ ნაგებობას, მინიჭებული აქვს კულტური ძეგლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ობიექტზე ყველა მოქმედებას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“კანონი არეგულირებს.
იმისთვის, რომ თბილისის მერიამ დაიწყოს შენობის რეაბილიტაცია, რომელიც მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია, კანონით, საჭიროა მობინადრეების 100%-იანი თანხმობა ან  სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, კანონის აღსრულება.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მესაკუთრე ვერ ახდენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია, მიმართოს სასამართლოს და მესაკუთრის ნებართვის გარეშე მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა/რეაბილიტაცია.
“კანონის მიხედვით, მერია ვალდებულია, შენობაზე მუდმივად განახორციელოს მონიტორინგი და მოსახლეობისგან სავარაუდო წინააღმდეგობის შემთხვევაში, სასამართლოს დახმარებით მიაღწიოს სავალდებულო თანხმობას. კანონით მინიჭებული ეს უფლება მერიამ წარმატებით გამოიყენა აღმაშენებლის გამზირის, კოლმეურნეობის მოედნის და სხვა ობიექტების რეაბილიტაციის შემთხვევაში.
„კადეტთა კორპუსის“ მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, ხელი მოაწეროს ყველა დოკუმენტს, რომელიც კორპუსის გადასარჩენად იქნება საჭირო”, – აცხადებენ ადგილობრივები.
მათივე თქმით, არაერთხელ მიმართეს “თბილისის განვითარების ფონდსაც”. 2016 წელს შეტანილი განცხადების საპასუხოდ კი, 2018 წლის 29 მარტს მიიღეს პასუხი, რომ თუ მოსახლეობის 100% -იანი თანხმობა იქნება, „ფონდი 2019-2020 წლისთვის დაიწყებს შესაბამისი ფინანსური სახსრების მოძიებაზე მუშაობას“ – რაც ნიშნავს, რომ უკეთეს შემთხვევაში, სახელმწიფო სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2 წელიწადში დაიწყებს.
სახლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ შენობა კიდევ 2 წელიწადს ვერ გაძლებს, რადგან სახლი ყოველდღე ინგრევა; ყოველდღიურად მატულობს ბზარები, ცვივა შენობის ფრაგმენტები და დაზიანებულია საყრდენი კედლები, რაც 80 ოჯახის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
აღსანიშნავია, რომ ნაგებობას მინიჭებული აქვს VI კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი. არსებობს თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნაც.
“რეალური პრობლემა არის ის, რომ მერიას „კადეტთა კორპუსის“ სარეაბილიტაციო თანხები გათვალისწინებული არ აქვს ბიუჯეტში არც წელს და არც მომავალი ორი წლის განმავლობაში, მერი კალაძე კი ცდილობს, პრობლემა მოსახლეობას გადააბრალოს და პასუხისმგებლობა მოიხსნას. ამ ეტაპზე ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, თბილისის მერიამ გამოძებნოს შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსები და შემჭიდროებულ ვადებში დაიწყოს სამუშაოები, ან არა, მოხსნას ძეგლის სტატუსი და შესაძლებლობა მისცეს მოსახლეობას, თვითონ მიხედონ თავიანთ საკუთრებას”, – აცხადებენ სახლის მაცხოვრებლები.

კომენტარი