მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად ადგილობრივ მოსახლეობას სახლების დატოვება მოუწევთ

მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად ადგილობრივ მოსახლეობას სახლების დატოვება მოუწევთ

958
გაზიარება

თბილისში, მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად, საბაგიროს ქვედა სადგურის, კერძოდ, “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის” მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი მცხოვრებლების გაყვანაა აუცილებელი.
როგორც “სითი კვირას” მთაწმინდის საბაგიროს ჯგუფის უფროსმა, ლაშა დალაქიშვილმა განუცხადა, მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი ადგილების დროებით დატოვებას და სამუშაოების დასრულების შემდეგ დაბრუნებას ვერ შეძლებს, რადგან სამშენებლო მოედანი სწორედ მათი სახლების ადგილას უნდა მოეწყოს. შესაბამისად, სპეციალური ნებართვის გარდა, სამუშაოების დასაწყებად, ადგილობრივების თანხმობაც საჭიროა, რის შემდეგაც ისინი, გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დატოვებენ.
დალაქიშვილის განმარტებით, სახლების გამოსყიდვის შემდეგ, სამშენებლო მოედნის გაფართოების მიზნით, მათი დემონტაჟი განხორციელდება.
“იმ შემთხვევაში, თუ მაცხოვრებლები ადგილზე დარჩებიან, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, სამუშაოები ვერ დაიწყება. მშენებლობის პროცესში იქ არავინ უნდა იყოს. ჩვენი ინფორმაციით, მოსახლეობა თანახმაა, თუმცა ჯერჯერობით მათი უძრავი ქონების შეფასება მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ჩვენი დიალოგი უფრო კონსტრუქციული იქნება”, – აცხადებს მთაწმინდის საბაგიროს ჯგუფის უფროსი.
ლაშა დალაქიშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთაწმინდა მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასზე ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება თანხმობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის გაყვანისა და ნებართვის საკითხები დაზუსტდება, სამუშაოები დაიწყება.
როგორც მთაწმინდის საბაგიროს ჯგუფის უფროსმა განმარტა, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია პროექტის ბიუჯეტი, რადგან კომპანია “დოპელმაიერისგან”, რომელსაც საბაგირო გზის მოწყობა დაუკვეთეს, საბოლოო ინვოისი ჯერ არ მიუღიათ.
დალაქიშვილის თქმით, სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილი, დაახლოებით, 4.2 მილიონ ლარს საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ საბაგირო გზის თავდაპირველი მარშრუტი სასტუმრო „რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა იყო, თუმცა, შდემდეგ არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, მისი ქვედა სადგურის ლოკაციად სსიპ “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის” მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით მიმავალი საბაგირო გზა განისაზღვრა.
სამუშაოების შედეგად, ​თბილისში, აღნიშნული მიმართულებით, დაახლოებით, 980 მ-ის სიგრძის საბაგირო გზა გაკეთდება, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე მანძილს 4 წუთში დაფარავს.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციით, პროექტი 8 MGD ტიპის (მონოგონდოლა) საბაგიროს მონტაჟს ითვალისწინებს. საბაგიროს გამტარუნარიანობა გათვლილია საათში 1 100 კაცზე. გზას მოემსახურება 20 გონდოლა, საშუალოდ, 6 ადამიანზე გათვლილი.
რაც შეეხება გრიბოედოვის ქუჩაზე განთავსებულ ბეტონის კონსტრუქციას, დალაქიშვილის თქმით, ის 2017 წლის დეკემბერში აიღეს.

მანამდე
მანამდე
ახლა
ახლა

კომენტარი