იანვრიდან დღემდე თბილისში ასამდე მშენებლობა შეჩერდა

იანვრიდან დღემდე თბილისში ასამდე მშენებლობა შეჩერდა

379
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ საკრებულოს ოპოზიციის იმ განცხადებებს უპასუხა, რომელთა მიხედვით, კომპანია „არქი ჯგუფი“ თბილისში უკანონო მშენებლობებს აწარმოებს.
დეპუტატის თქმით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ თბილისში დაახლოებით ასამდე მშენებლობაა შეჩერებული. მათ შორის ერთ-ერთი პეტრიწის ქუჩაზე სწორედ „არქი ჯგუფის“ მიერ წარმოებული მშენებლობაა.
რევაზ სოხაძის განმარტებით, ამ კომპანიას არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად კონკრეტული ვადა მიეცა და თუ ამ ვადაში ის ხარვეზს არ გამოასწორებს, მერიის ზედამხედველობის სამსახური ისევე იმოქმედებს, როგორც დანარჩენ 99 შემთხვევაში. კერძოდ, დეპუტატი აცხადებს, რომ კომპანიამ უკანონოდ აწარმოა ქვაბულის სამუშაოები და თუ 30 დღის ვადაში შესაბამის დოკუმენტაციას არ წარმოადგენს, დეველოპერს აღნიშნული ქვაბულის ამოვსება დაევალება.
„სხვაობა იმაშია, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ სახელებს, გვარებს და კომპანიებს. ყველა მათგანი თანაბარ პირობებშია. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ, რომ მოქალაქეები დეველოპერებისგან არ დაზარალდნენ. არის ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც სერიოზული პიარკამპანია ჰქონდა ნაწარმოები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის მშენებლობებში იყო გარკვეული უკანონობები და იქ ხალხს ბინები აქვს შეძენილი. როგორც ვიცი, პარლამენტშიც მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ადამიანები მსგავსი პრობლემებისგან დაცულები იყვნენ. დამისახელეთ ერთი კომპანია მაინც, რომელიც თქვენი გუნდის წევრის იყო და დაჯარიმდა ან მშენებლობა შეუჩერდა“, – მიმართა ოპოზიციას რევაზ სოხაძემ.
მან განმარტება გააკეთა, ასევე, საკრებულოს ოპოზიციის მიერ დასახელებულ მინდელის ქუჩაზე წარმოებულ მშენებლობაზე. დეპუტატის თქმით, 2016 წლის 27 დეკემბერს დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლითაც შესაბამისი კოეფიციენტები განისაზღვრა.
რევაზ სოხაძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თბილისის მერი ვალდებული იყო, რომ ეს აქტი გამოეცა.

კომენტარი