ობიექტების აბრებზე ქართული წარწერების არარსებობა მიუღებელია – კახა კალაძე

ობიექტების აბრებზე ქართული წარწერების არარსებობა მიუღებელია – კახა კალაძე

970
გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. დედაქალაქის საკრებულოში შეკრებილ სტუმრებს თბილისის მერმა  სახელმწიფო ენის დღე მიულოცა  და ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე  ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქართული ენა,  ქართული დამწერლობა, ქართული ანბანი კაცობრიობის  საუნჯე  და  მემკვიდრეობაა, ხოლო ქართული ენის დაცვა-შენარჩუნება იყო  და არის  ჩვენი ერის საუკუნოვანი, მარადიული მისია.
“ენას იცავდა  და  ემსახურებოდა  ყველა,  ვინც  მომხვდურს  წიგნს უმალავდა,  ვინც ხელნაწერებს  ამრავლებდა,  ვინც  ქართულ  საგანმანათლებლო  კერებს  ქმნიდა  და  ქართული  ენით  მიმართავდა  მტერს  თუ  მოყვარეს,  შინ თუ  გარეთ. ჩვენი  ენა იმდენად  მდიდარია,  იმდენაც  ცოცხალი  და  მუდამ თანამედროვეა,  რომ  საუკუნეების  მანძილზე  ერგებოდა  დროს,  რეალობას  და  ეპოქის  გამოწვევებს. ეს უწყვეტი ციკლია და  დღეს ჩვენ, ჩვენი  თაობა ვალდებული ვართ, დავიცვათ  ენა,  დამწერლობა და საკადრისი,  კუთვნილი  ადგილი დავუმკვიდროთ მას ჩვენი ქვეყნის  განვითარების გზაზე.”- განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით დაიწყო დედაქალაქის მერიამ, თბილისის მასშტაბით, მუშაობა სხვადასხვა ობიექტის აბრებზე დასახელებების ქართულად დაწერის თაობაზე. კალაძის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებას ყურადღება საერთოდ არ ექცეოდა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.
“მე შემიძლია ჩამოვთვალო მთელი რიგი კონკრეტული ქუჩები,  სადაც ქართული ანბანის გარდა, შესაძლოა, ყველა ენაზე შევხვედროდით წარწერებს, რაც მიუღებელია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ენას, ჩვენს ანბანს, რომელიც ერთ-ერთი უძველესია. ჩვენ კანონითაც გავამყარეთ ეს ყველაფერი,  ჯარიმებიც გაიზარდა და ზედამხედველობის სამსახური აქტიურად მუშაობს ქალაქში იმისთვის, რომ ქართული ანბანის გამოყენება ყოველთვის კანონის შესაბამისად იყოს დაცული“ –  განმარტა კახა კალაძემ.

კომენტარი