პარკირება, როგორც მაგნიტი საცობებისთვის – რეკომენდაცია თბილისის მერიას

პარკირება, როგორც მაგნიტი საცობებისთვის – რეკომენდაცია თბილისის მერიას

743
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ დედაქალაქში საცობების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არასწორი პარკირებაა. პარკირების სისტემის მართვა ქალაქის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რაც, საზოგადოებრივი ადგილების წვდომიდან დაწყებული უსაფრთხოებით დასრულებული, ყველაფერს მოიცავს.
როგორც “სითი კვირასთან” საუბრისას გელა კვაშილავამ განაცხადა, ქალაქში დღეს არსებული პარკირების სისტემა არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საცობისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია პარკირების ერთიანი ინტეგრირებული სისტემის შექმნა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური საკითხების მოწესრიგება.
არსებული კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული პარკირების ისეთი ელემენტები, როგორიცაა პარკირების ბალანსი და პარკირების ზონირება, რომლებიც განსაზღვრავენ ზონების მიხედვით გასაჩერებელი მანქანების რაოდენობასა და პარკირების ტარიფებს. პარკირების მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს დასაშვებ ნორმებს, თუ დღე-ღამის რომელ პერიოდში და რა მაქსიმალური ხანგრძლივობით შეუძლია  პარკირება კონკრეტულ ავტომობილს გარკვეულ არეალში. ამასთან, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების პრიორიტეტული უფლებით სარგებლობას  არსებული ზონაში მცხოვრებთათვის.
“პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ფასიანი პარკირების სისტემის წესები და ნათლად განემარტოს საზოგადოებას. ის უნდა მოიცავდეს მკაფიო პარკირების ნიშნებს, ონლაინ რუკებს და მოსახერხებელ ვებგვერდს. წესების განსაზღვრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გროვდება პარკირების გადასახადები და ჯარიმდებიან კანონდამრღვევები, სხვა ნაბიჯებთან ერთად, გააძლიერებს პარკირების აღსრულებას და შექმნის მართვის ეფექტიან სისტემას”, – აცხადებს გელა კვაშილავა.
მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია, პარკირების ზონების,  პარკირების მოთხოვნის შესაბამისად შექმნაა. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე სრულყოფილად უნდა აღირიცხოს და შეფასდეს პარკირების მიწოდებისთვის არსებული რესურსები. მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის მონაწილეობით აშენდეს ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე ინფრასტრუქტურა და შეიცვალოს პარკირების ფასი, რომელიც დამოკიდებული უნდა იყოს ქალაქის კონკრეტულ უბანზე და იქ არსებულ მოთხოვნილებაზე.
გელა კვაშილავას აზრით, ადგილობრივ გამგეობებს უნდა შეეძლოთ ზონირების განხორციელება და ჰქონდეთ პარკირების ფასის სქემები. შესაბამისი მონაცემების გამოყენებით, უნდა შეიქმნას პარკირების თანამედროვე რუკები და სწორად დაიგეგმოს მენეჯმენტი.
რაც შეეხება პარკირების გადასახადიდან მიღებულ შემოსავალს, ის უნდა მოხმარდეს პარკირების ინფრასტრუქტურის, ქვეითთა, ველო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობების გაუმჯობესებას.

 

კომენტარი