თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ V გლობალურ სამიტს უმასპინძლებს 

თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ V გლობალურ სამიტს უმასპინძლებს 

365
გაზიარება

თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს 17-19 ივლისს უმასპინძლებს.
როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, სამიტის ფარგლებში დედაქალაქს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან მაღალი დონის სტუმრები ეწვევიან.  ​
კახა კალაძე დღეს, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჟოზეფ პაუელს შეხვდა და მე-5 გლობალური სამიტის საორგანიზაციო სამუშაოებზე ისაუბრეს.
კახა კალაძემ თბილისის მერიის იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა მიზანს მოქალაქეთა ჩართულობისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.
„მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ და მუნიციპალური სერვისების გაძლიერების მიმართულებით ვმუშაობთ. მოქალაქეების ჩართულობა ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში მნიშვნელოვანია, რომელზეც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრს ვსაუბრობდით. პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, არის „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ხედვები და იდეები წარმოადგინონ. პროექტში მოსახლეობა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული. წარმოდგენილია რამდენიმე პროექტი, რომელთა განხილვა დაწყებული გვაქვს და გამარჯვებულებიც მალე გამოვლინდებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.
აღსანიშნავია, რომ თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ვალდებულებები აიღო.

კომენტარი