რატომ ამოჭრეს ქეთო და კოტეს ჯვრისწერის სცენა – საბჭოთა ცენზურის “საზიანო” მაგალითი

რატომ ამოჭრეს ქეთო და კოტეს ჯვრისწერის სცენა – საბჭოთა ცენზურის “საზიანო” მაგალითი

18890
გაზიარება

უკვდავ კინოჰიტად ქცეული ფილმიდან ”ქეთო და კოტე”, მთავარი გმირების ჯვრისწერის სცენა საბჭოთა ცენზურამ ფილმიდან ამოიღო. ამ ეპიზოდის ამსახველი ფოტო სასწაულებრივად გადაურჩა განადგურებას. კადრში ჩანან ბათუ კრავეიშვილი და მედეა ჯაფარიძე, უკან ედიშერ მაღალაშვილი.  ​ფოტო დათარიღებულია 1948 წლით.

ფილმში მაინც შემორჩა ცნობილი დიალოგი:
– კოტე ჯვარს იწერს.
– რაო, რაო?
-კოტე ჯვარს ი – წე – რსო!
– რაო, რაო?
– ეეეეჰ!

60 წლის წინანდელ ფოტოზე ულამაზესი პატარძალი სანთლით ხელში, ნეფის გვერდით დგას საკურთხეველთან. ჯვრისწერის ცერემონიალს ერთი-ორად ალამაზებს მისი ღვთაებრივი მშვენიერება. სახეგაბადრული სიძე თითქოს ბოროტ მაჭანკალზე გამარჯვებას ზეიმობს და სურს ჯვრისწერის დასრულებისთანავე ღვთაებრივი ხმით უმღეროს უკვე მეუღლეს, ულამაზეს სატრფოს.
კადრში ყველა მსახიობს ღიმილი გადაჰფენია სახეზე, მათი ჟესტები იმდენად დინამიკურია, რომ გონებაში მთელ ფილმს აცოცხლებს, მაგრამ ეს კადრი ფილმში არც კი შესულა, რითაც საზეიმო განწყობის პირველი და უმთავრესი რგოლი დააკლდა უკვდავ კინოჰიტად ქცეულ ფილმს.
ფოტოზე სწორედ ამ ფილმის მთავარი პერსონაჟების ჯვრისწერის სცენაა ასახული, რომელიც საბჭოთა კინოცენზურას შეეწირა. არადა, ფილმში მთავარი გმირების სიყვარულის გადარჩენაში სწორედ ჯვრისწერა თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ ამ კადრებს მაყურებლის თვალის შევლება არ ეღირსა. კომუნისტებმა სხვა ფრაგმენტებთან ერთად მთლიანად ამოჭრეს ეკლესიაში გადაღებული ცერემონიალი.
როგორც ჩანს საბჭოთა ცენზორებს არ სურდათ საზოგადოებისთვის ჯვრისწერის “საზიანო” მაგალითი მიეცათ. მიაჩნდათ, რომ მაყურებელი მიბაძავდა კინოგმირებს და როგორც სატრფოს სარკმელთან სიმღერასა და აივანზე გადაძრომას, ეკლესიაში დაქორწინების “მავნე” ჩვევასაც გადაიღებდა. იმ დროისთვის ხომ ქალთა უმრავლესობა ისედაც ცდილობდა ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს დამსგავსებოდა, მამაკაცები კი ბათუ კრავეიშვილივით რომანსებად იღვრებოდნენ სატრფოების აივნებთან.
კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საცავში ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის ცერემონიალის ამსახველი ორი უნიკალური ფოტო ინახება. ფოტოები სასწაულებრივად გადაურჩა ცენზორებს. სავარაუდოდ, ვიღაცამ საგანგებოდ შეინახა.
როგორც კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ფოტო და ნეგატივების ფონდის მცველი მარინა გოძიაშვილი ამბობს, ქსპონატების ხელახლა აღრიცხვისას მოულოდნელად აღმოაჩინეს ეს უნიკალური კადრები. არც ერთი მათგანი არასდროს გამოქვეყნებულა, არც ფოტოგამოფენებზე ყოფილა წარდგენილი.
იმის გამო, რომ ფილმში მონაწილეთაგან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი, ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რომელ ტაძარშია გადაღებული ჯვრისწერის სცენა. არც მღვდლის როლის შემსრულებლის ვინაობაა ცნობილი. როგორც ლაშა თაბუკაშვილი ამბობს, ქეთოს როლის შემსრულებელს, მედეა ჯაფარიძესაც  არაფერი აქვს ნათქვამი მოგონებებში ამ ეპიზოდების გადაღებაზე. მეტიც, სავარაუდოდ, მან არც იცოდა, თუ ეს ფოტოები არსებობდა. თუმც, რომც სცოდნოდა, დიდად არ დაინტერესდებოდაო, ამბობს მსახიობის ვაჟი.
მსახიობს, რომლის სილამაზესაც უამრავი ქალი შენატროდა, ფოტოების გადაღება არ ჰყვარებია. ამდენად, მედეა ჯაფარიძის ოჯახისთვის ეს ფოტოები სიურპრიზი აღმოჩნდა.
“დედა ძალიან კრიტიკული იყო თავის ფოტოების მიმართ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გადაღებაც არ უყვარდა. ამიტომაც ძალიან ცოტა ფოტო გვაქვს შემორჩენილი როგორც მისი შემოქმედების, ისე პორტრეტების სახით და ესეც უფრო ჩემი მეუღლის, მედიკოს დამსახურებაა. მან მოიპოვა ბევრი მათგანი, დედას მეგობრების ოჯახებში დაეძებდა ფოტოებს”, – იხსენებს ლაშა თაბუკაშვილი. 
მისივე თქმით, ვახტანგ ტაბლიაშვილმაც კი არ იცოდა, რომ ფილმი ჯვრისწერის სცენის გარეშე გავიდოდა. ამიტომაც როგორც დამდგმელი, ისე შემოქმედებითი ჯგუფისთვის უსიამოვნო სიურპრიზი ყოფილა ულამაზესი კინოფილმის “ქეთო და კოტეს” პრემიერა.

მადლობა ფოტოსთვის ნათია ბერიძეს
მადლობა ფოტოსთვის ნათია ბერიძეს

მასალისთვის მადლობა გვერდს “ქართული კინო უკვდავია”

კომენტარი