თბილისსა და ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

თბილისსა და ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

120
გაზიარება

თბილისსა და ქალაქ ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების, გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში.
მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ტალინის მერმა ტაავი აასმა მოაწერეს.
კახა კალაძემ ესტონელ კოლეგას, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და  სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების  გაღრმავებას.DATT9781
„ძალიან სიმბოლურია, რომ ორივე ქვეყანა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  აფორმებს ამ მემორანდუმს. ჩვენ გვსურს, გავიზიაროთ მათი გამოცდილება გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების, ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. ამ სფეროში სტარტაპების დაფინანსების თვალსაზრისით ტალინი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. გვინდა, ყველა ეს გამოცდილება გადმოვიტანოთ ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ტალინის მერის თქმით, მემორანდუმი ქალაქებს სხვადასხვა სფეროში ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს.
„საქართველოსა და ესტონეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. თბილისსა და ტალინს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, იმედი გვაქვს, ქალაქების დონეზეც დავიწყებთ ამ ურთიერთობას. უკვე შევთანხმდით დელეგაციების გაცვლაზე სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გასაზიარებლად. ღრმად გვწამს, რომ ეს მემორანდუმი არ დარჩება ქაღალდზე და რეალურ შედეგს გამოიღებს ქალაქის მმართველობის სხვადასხვა სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით“- განაცხადა ტაავი აასმა.
საკრებულოში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ილია ელოშვილი, ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი, საქართველოს ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი, ტალინის მერიის წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

კომენტარი