“ამას ვერ ხედავენ გამგეობის მოხელენი” – “პარტიზანი მეგზევეები” ორმოულების შესახებ (ვიდეო) 

“ამას ვერ ხედავენ გამგეობის მოხელენი” – “პარტიზანი მეგზევეები” ორმოულების შესახებ (ვიდეო) 

626
გაზიარება

ორგანიზაცია “პარტიზანი მეგზევეების” ყურადღების ცენტრში, თბილისის მთაწმინდის რაიონში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე წარმოქმნილი ორმო მოხვდა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა არსებობს და თანდათან ღრმავდება.
​ქუჩის ერთ მხარეს საპარკინგე ზოლია მოწყობილი, ხოლო მეორე მხრიდან სამშენებლო უსაფრთხოების ღობე, რის გამოც, გზაზე გავლისას მძღოლს უჭირს ორმოსთვის გვერდის აქცევა და ავტომობილის მარჯვენა საბურავები ორმოში ვარდება.
​”პარტიზანი მეგზევეების” თავმჯდომარე იმედა დვალაძე, სოციალურ ქსელში ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და თბილისის მერს მოუწოდებს, მთაწმინდის გამგეობის თანამშრომლებს გზის შეკეთება დაავალოს.
“არა მგონია, ასე პატარა პრობლემის მოგვარებას მთავრობის სხდომის გამართვა სჭირდებოდეს. ეს ქუჩა არის ერთადერთი, რომლითაც მთაწმინდის რაიონის ქუჩები განიტვირთება ავტომობილებისგან. რაიონის გამგეობის თანამშრომლები სახლში რომ მიბრძანდებიან, ამ ქუჩას აუცილებლად გაივლიან და უნდა ხედავდნენ ამ პრობლემას. აღმაშფოთებელია, რომ ამას უკვე რამდენიმე თვეა ვერ ხედავენ მთაწმინდის რაიონის გამგეობის მოხელენი, რომლებსაც ასეთ პრობლემაზე ყურადღების მიქცევა ევალებათ”, – აცხადებს იმედა დვალაძე.
მისივე თქმით, გრიბოედოვის ქუჩის მეორე შესახვევთან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისკენ, ასევე  ჩაზნექილია ქვაფენილი. ანალოგიური პრობლემაა გრიბოედოვის ქუჩის კვეთაზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზეც, სადაც რამდენიმე ორმოულია წარმოქმნილი და ავტომობილების დაზიანების საფრთხე იქმნება.

კომენტარი