თბილისში შემორჩენილ საბჭოთა რევოლუციონერთა ქუჩებს სახელებს შეუცვლიან

თბილისში შემორჩენილ საბჭოთა რევოლუციონერთა ქუჩებს სახელებს შეუცვლიან

700
გაზიარება

თბილისის რამდენიმე ქუჩას, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ რევოლუციონერთა სახელები გადაერქმევა და მათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ მოღვაწეთა სახელები მიენიჭება.
თბილისის საკრებულოში სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე ქუჩისთვის სახელის შეცვლის გარდა, დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში მდებარე მოედნისთვის სახელის გადარქმევაზეც იმსჯელეს, კერძოდ, საუბარია ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე.
როგორც სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკრებულო გამოდის ინიციატივით,  დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდოს.
„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ჩვენი თვითმყოფადობის და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი საფუძველი“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
აღნიშნული საკითხის განხილვას სხდომაზე კამათი მოჰყვა. კომისიის სხდომას ოპოზიციური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ხელისუფლება ისტორიის წაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს.
მისი აზრით, ვარდების რევოლუცია საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის მონაპოვარია და მოედნისთვის ამ სახელის გადარქმევა ისტორიის წაშლის მცდელობაა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. რაც შეეხება ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭებას, ეს საკითხი საჯარო განხილვისთვის 20 დღის განმავლობაში საკრებულოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილება და დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.
როგორც “სითი კვირას” სახელდების და სიმბოლიკის კომისიაში განუცხადეს, კრწანისის რაიონში, მირ ვეზიროვის ქუჩას ნიკოლოზ ჩხეიძის სახელი მიენიჭება; სერგო სურგულაძის ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს ევგენი გეგეჭკორის სახელი.
ჩუღურეთის რაიონში, ვასილ კიკვიძის ქუჩას და მასთან არსებული I ჩიხს ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი მეინიჭება.
ისნის რაიონში, ვლადიმერ მიქელაძის ქუჩას ნოე ხომერიკის სახელი; სურენ სპანდარიანის ქუჩას გიორგი ლასხიშვილის სახელი; გრიგოლ მათიაშვილის ქუჩას ელისაბედ ორბელიანის სახელი; თეოდორე აფანასიევის ქუჩის მონაკვეთს ეკატერინე მელიქიშვილის სახელი, ამავე ქუჩის მეორე მონაკვეთს კი ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის სახელი მიენიჭება.
ნაძალადევის რაიონში, მელიტონ ფილიას ქუჩას სახელი შეეცვლება და სიმონ მდივანის სახელობის გახდება. სილიბისტრო თოდრიას ქუჩის მონაკვეთს სამსონ ფირცხალავას სახელი მიენიჭება; სილიბისტრო თოდრიას ქუჩის ერთ მონაკვეთს ალექსანდრე ლომთათიძის სახელი, ხოლო მეორეს მონაკვეთს ვლასა მგელაძის სახელის მიენიჭება.
სამგორის რაიონში, აბელ ენუქიძის ქუჩის მონაკვეთს პეტრე სურგულაძის სახელი მიენიჭება.

კომენტარი