3 მაისს მეტრო ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მოქალაქეებს – თბილისის მერი

3 მაისს მეტრო ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მოქალაქეებს – თბილისის მერი

734
გაზიარება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების მიერ დაანონსებული გაფიცვის მიუხედავად, ხვალ, 3 მაისს თბილისის მეტრო გაიხსნება და მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში  მოემსახურება.
როგორც კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მეტროს მუშაობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ თბილისის მთავრობა იღებს და არა პროტესტანტები.
მისივე თქმით, ის პატივს სცემს თითოეული დასაქმებულის შრომას, თუმცა მისთვის მიუღებელია ის მოთხოვნები, რასაც მეტროპოლიტენში დასაქმებულები აყენებენ. მისთვის ასევე, მიუღებელია ულტიმატუმის ტონი, რომლითაც ეს ადამიანები და პროფესიული კავშირის წევრები ესაუბრებიან არამარტო მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას.
კალაძის განმარტებით, მერია თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს ინდივიდუალურად არ დაუჭერს მხარს და  მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. დედაქალაქის მთავრობის მიზანია ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამის შედეგად, როგორც მოქალაქეების, ასევე, მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული ადამიანების  შრომითი პირობების გაუმჯობესებაა.
„ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის გაითვალისწინებს მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებულ თანამშრომლებს და ქალაქის მოსახლეობას. პატივს ვცემ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს. ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებენ ჩვენი ქალაქისთვის. ჯერ კიდევ არ მქონდა მუშაობა ოფიციალურად დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და დავუდასტურე მათ ჩემი პატივისცემა. კარგად მაქვს გაცნობიერებული და გააზრებული ამ ადამიანების შრომა, თუმცა ის დამოკიდებულება და მიდგომები, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, სრულებით მიუღებელია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, დასაქმებულებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის კანონს არ ეწინააღმდეგება.

კომენტარი