თბილისს მაღალი შენობები უტევენ, პროგრესი შეუძლებლობისკენ… – მსახიობი დავით ქაცარავა

თბილისს მაღალი შენობები უტევენ, პროგრესი შეუძლებლობისკენ… – მსახიობი დავით ქაცარავა

818
გაზიარება

თბილისი სამწუხაროდ აღარ არის ის, რაც იყო ადრე, ამაში არა მხოლოდ არქიტექტურას ვგულისხმობ, არამედ ურთიერთობებსაც. არ ვიცი რას შეიძლება დაბრალდეს ურთიერთობების შეცვლა-გაფუჭება
​თბილისის თანამედროვე არქიტექტურა ცალკე მტკივეული თემაა. ქალაქი დამახინჯდა, თბილისი იქცა ქალაქად, რომელსაც მრავალსართულიანი შენობები უტევენ, სადაც ლამის ერთმანეთზე დააშენონ კორპუსები  ყოველგვარი გეგმის, არქიტექტურის, გემოვნების გარეშე, სადაც მიმდინარეობს მცდელობა, რომ უბრალოდ თბილისზე ფული იშოვონ, ეს არის მძიმე და მწვავე თემა, რომელიც სტკივა თბილისის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვაკეთებთ ამის საწინააღმდეგოდ.
ვისურვებდი დაბრუნდეს ძველი თბილისი, მაგრამ ეს შეუძლებელია. რეალობა შეიცვალა… მაინც მთელი გულით ვუსურვებდი თბილისს დაუბრუნდეს ძველი იერი, აღდგეს ძველი ურთიერთობები.
თბილისური ურთიერთობები…
თბილისური ურთიერთობები ყოველთვის გამოირჩეოდა სითბოთი, ადამიანებს შორის კეთილი დამოკიდებულებით, მიმოსვლით. ეს ყველაფერი ქრება, ალბათ, პროგრესის ბრალია. ამის მიზეზი შესაძლოა, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების განვითარებასაც დავუკავშიროთ, მაგრამ ის ადამიანური ფაქტორი, რომელიც ყოველთვის არსებობდა თბილისში – უბანში დაჯდომა, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა, – უდიდესი ხიბლი ჰქონდა ამ ყველაფერს, თუმცა, თანდათან ამ ყველაფრის დაბრუნება შეუძლებელი ხდება.
თბილისში განვითარდეს ჯანსაღი ტრანსპორტი, გაკეთდეს ველობილიკები
ქალაქის ქუჩებში, ფაქტობრივად უკვე წარმოუდგენელია ტრანსპორტით მოძრაობა, პროგრესი შეუძლებლობისკენ მიდის, რთულდება გადაადგილება. ცენტრი არის ძალიან გადატვირთული და ეს უკავშირდება სწორედ სწორ დაგეგმარებას. უნდა განვითარდეს, ალბათ, პერიფერიები, გარეუბნები, ახლო მდებარე დასახლებები, სოფლები. ყველაფერი ცენტრში არ უნდა იყრიდეს თავს. უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველობილიკები იქნებოდა არაჩვეულებირივი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის რელიეფი ცოტა რთულია ამისთვის, მთაგორიანია ჩვენი დედაქალაქი. მაგრამ ველობილიკებს მაინც აქტიურად ​გამოიყენებენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ეს ძალიან კარგიც იქნება. უბრალოდ ეს კარგ დაგეგმარებას საჭიროებს. ავტომობილების რაოდენობა არ მოიკლებს თბილისში, მხოლოდ და მხოლოდ მოიმატებს. ყველა ვთანხმდებით ამაზე და ამას ცოტა სხვანაირად უნდა ვებრძოლოთ, სხვა ევროპული ქალაქების გამოცდილება გავიზიაროთ, სადაც იყო ასეთი პრობლემები და მოგვარდა.

​ესაუბრა შორენა პაპაშვილი  

კომენტარი