თბილისში, მიწისქვეშა ავტოსადგომების მოსაწყობი ადგილები ინვესტორს ერთ ლარად გადაეცემა 

თბილისში, მიწისქვეშა ავტოსადგომების მოსაწყობი ადგილები ინვესტორს ერთ ლარად გადაეცემა 

767
გაზიარება

თბილისში, სამ ადგილას – გეგეშიძის ბაღის, ვარკეთილის მეტროსა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვის  გამოცხადებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოში დღეს სხდომა გაიმართება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ  მიწისქვეშა ავტოსადგომისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა საკმაოდ ძვირი ჯდება, გადაწყვეტილია, რომ აღნიშნული ტერიტორიები ინვესტორს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცეს.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მიწისქვეშა ავტოსადგომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, რაც მის რენტაბელობაზე აისახება, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტერიტორიები ინვესტორს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცეს.
“ჩვენ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თბილისელების ინტერესებზეა მორგებული. ვფიქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელს შეუწყობს ავტოსადგომების ადგილების რაოდენობის ზრდას და ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს ანალოგიური გადაწყვეტილებას, რომელიც პუშკინის სკვერთან დაკავშირებით მიიღეს და მილიონი ლარის ვალდებულების სანაცვლოდ, მიწისქვეშა ავტოსადგომის მოსაწყობად, კერძო ინვესტორს აღნიშნული ტერიტორია გადასცეს, ოპონენტების მხრიდან ხმაურიანი წინააღმდეგობა მოჰყვა.
„ჩვენ მაშინაც მხოლოდ თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მივიღეთ“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს დეპუტატები დღეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 42 საკითხს განიხილავენ, მათ შორის, სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე, კახაბერ გულედანის დანიშვნაზეც იმსჯელებენ.

კომენტარი