ხორავას ქუჩის ისტორია

ხორავას ქუჩის ისტორია

702
გაზიარება
ცნობილი ქართველი მსახიობისა და პედაგოგის, აკაკი ხორავას ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში, კერძოდ, ტატიშვილის ქუჩიდან ვასილ პეტრიაშვილის ქუჩამდე მდებარეობს. როგორც “სითი კვირას” თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში განუცხადეს, აღნიშნული ქუჩა XX საუკუნის დასაწყისში დაარსდა. საინტერესოა, რომ თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილი ქუჩების სიაში და ასევე, თბილისის 1934 წლის გეგმაზე იგი მლეთის შესახვევის სახელით გვხვდება, ხოლო 1940 წლის ცნობარში მლეთის ქუჩის სახელწოდებითაა შეტანილი. ქუჩას აკაკი ხორავას სახელი 1973 წელს მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ 1908-15 წლებში ამ ქუჩაზე, N9 სახლში დიდი ქართველი პოეტი ვაჟა ფშაველა ცხოვრობდა.
აკაკი ალექსის ძე ხორავა 1895 წლის აპრილს გურიაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხომურში დაიბადა. იგი ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ყოფილი სსრკ-ის სახალხო არტისტია. 1939 წლიდან ის სკკპ-ის წევრიც იყო.
1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევისა (1915–1917) და თბილისის (1919)უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის, თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. 1922 წელს შევიდა აკაკი ფაღავას თეატრალურ სტუდიაში. პროფეხიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. 1935 წლიდან მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი და 1949–1955 დირექტორიც კი გახდა.
აკაკი ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდეს ოსტატად ითვლება. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას საუკეთესო როლებია: იოქანაანი ( უალდის “სალომე”), ანდუყაფარი ( ერისთავის “გაყრა”), უსახელო ( ტოლერის “კაცი-მასა”), ლაერტი ( შექსპირის “ჰამლეტი”), ბერსენევი ( ლავრენიოვის “რღვევა”), ანზორი ( შანშიაშვილის “ანზორი”), არგიშდი ( დადიანის“თეთნულდი”), კარლ მოორი ( შილერის “ყაჩაღები”), პლატონ კრეჩეტი ( კორნეიჩუკის “პლატონ კრეჩეტი “), არსენა ( შანშიაშვილის “არსენა”), პედრო ( მდივნის “ალკაზარი”), ოტელო ( შექსპირის “ოტელო”, ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის “დიდი ხელმწიფე”), ოიდიპოსი ( სოფოკლეს“ოიდიპოს მეფე”), სირანო ( როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი”), ტარიელი ( ქიაჩელის “ტარიელ გოლუა”), ბორის გოდუნოვი ( პუშკინის “ბორის გოდუნოვი “) და სხვა.
რაც შეეხება ცნობილ კინოროლებს, ესენია: : გიორგი სააკაძე (“გიორგი სააკაძე “, 1942-1943), სკანდერბეგი (“ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი”, 1953), გიჟუა (“რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”!, 1965) და ა.შ.
Capture

კომენტარი