10 წელი ლიფტისა და პანდუსის გარეშე

10 წელი ლიფტისა და პანდუსის გარეშე

530
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, თემქაზე, კერძოდ, მე-3 მ/რ-ის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსის მე-2 სადარბაზოში უკვე 10 წელია, რაც ლიფტი არ ფუნქციონირებს. როგორც “სითი კვირას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ სადარბაზოში რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს, რომელთაც სადარბაზოში გადაადგილება განსაკუთრებით უჭირთ. აღსანიშნავია, რომ კიბეებზე არ არის პანდუსი.
ადგილობრივების განმარტებით, მათ საჭირო სამუშაოების დაფინანსების თაობაზე, გამგეობაში არაერთი განცხადება შეიტანეს, თუმცა პრობლემა არ გვარდება. მათივე თქმით, ბოლო განცხადება გასული წლის ბოლო თვეებში შეავსეს.
“ორჯერ ავაგროვეთ 250-250 ლარი, თუმცა თქვეს, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არისო. ძალიან ვწვალობთ. თუ სადმე ასეთი რამ კიდევ არსებობს, არ ვიცი… ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ეტყობა, შიგნით აღარაფერი დარჩა. შახტა ცარიელია. ალბათ, ლიფტის ნაწილები მოიპარეს.”- აღნიშნავს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
“სითი კვირა”, ვითარების გასარკვევად, ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ 2018 წლიდან დაფინანსების ახალი წესი მოქმედებს, ამიტომ მოსახლეობამ განაცხადი ახალი წესის მიხედვით უნდა შემოიტანოს.
“ნოემბერში და დეკემბერში სხვა წესი მოქმედებდა, შესაბამისად, მაშინ ბიუჯეტშიც არ იყო თანხა. როგორც წესი, დაფინანსება წლის დასაწყისში ხერხდება და წლის ბოლოსთვის თანხა უკვე ათვისებულია. ასე რომ, მობრძანდნენ გამგეობაში, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში გაირონ კონსულტაცია და გაარკვიონ, თუ რა დოკუმენტებია საჭირო ახალი წესდების შესაბამისად. ახლა უკვე გამოცხადებულია ტენდერი ლიფტების პროექტირებაზე. ძალიან მალე ტენდერი ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც გამოცხადდება. თანხები უკვე გვაქვს და კომისიის მიერ განხილვის შემდეგ,  მოთხოვნის შესაბამისად, საჭირო სამუშაოები დაფინანსდება.”- განმარტავენ გამგეობაში.

კომენტარი