ხალხს “ჯიგარი” აღარ აქვს – გია კორკოტაშვილის მიერ დანახული თბილისი

ხალხს “ჯიგარი” აღარ აქვს – გია კორკოტაშვილის მიერ დანახული თბილისი

550
გაზიარება

თბილისი არის ადგილი, სადაც პირველად მიყვარდა, პირველად ვიჩხუბე, პირველად ვიდარდე, პირველად დავთვერი, პირველად ვიმღერე მეგობრებთან ერთად… ეს ის ადგილია, სადაც ვიცხოვრე, მაგრამ იცით, რაშია საქმე? მე რა გარემოშიც დავიწყე ცხოვრება, რითიც მომწონდა საზოგადოება და შემდეგ, მათი მიბაძვით, ჩემი თავიც, კარდინალურად შეიცვალა. დღეს სხვა ქალაქში ვცხოვრობ. როდესაც ჩემი თაობის წარმომადგენელს ვნახულობ, მიხარია. მიხარია, როცა ვხედავ ახალგაზრდას, რომელიც უფროსისამდი პატივისცემას ავლენს, რომელსაც სუფრაზე მოლხენა შეუძლია, რომელმაც მანდილოსნის პატივისცემა იცის, რომელსაც ყველაზე დიდ პრიორიტეტად ოჯახი მიაჩნია. ასეთი ახლგაზრდები, სამწუაროდ, ცოტაა. სხვანაირი რაღაც მოხდა ჩემს ქალაქში…
ჩვენ სხვაგვარად ვიზრდებოდით. გაჭირვებაც ვიცით, რა არის. დღეს რომ ვუყურებ, ჩემს ქალაქში “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია”. არადა, ზუსტად ამით ფასობდა ჩემი ქალაქი. 90-იან წლებშიც კი, როცა არც გაზი იყო, არც წყალი და არც დენი, კორპუსებიდან ხალხი ეზოში ჩამოდიოდა და საერთო, დიდ ქვაბში აკეთებდა საჭმელს. სწორედ ამ ურთიერთობებში იბადება ყველაფერი. შეიძლება, თბილისურ ეზოებში, ზოგი რომ იტალიურ ეზოს ეძახის, ძალიან დიდი დისკომფორტი იყო, რომ სამზრეულო და საპირფარეშო საერთო  ჰქონდათ, მაგრამ ადამიანები სულიერად ერთმანეთზე მიბმულები იყვნენ, საზოგადოება ერთი სულისთქმით ცხოვრობდა. მე დღევანდელ თბილსს კომფორტულად მაცხოვრებელს, მაგრამ სულიერებაში ერთიანს ვისურვებდი, ისე, როგორც ძველ წლებში იყო.
მთავარი, რაც დაიკარგა, ერთმანეთზე ზრუნვაა. ყველაფერი, პანაშვიდზე მისვლის ჩათვლით, მსახიობურად ხდება. თითქოს, დილით დისკს ჩაიდებს თბილისელი და იმ დისკით ცხოვრობს. იცის, რომ დილის ათ საათზე სადღაც უნდა მივიდეს, პირველზე გასვენებაა, ოთხზე – პანაშვიდი და საღამოს – სუფრა. საკუთარ საქციელში გულს არ დებს. თბილისურად ამას “ჯიგარს” ეძახდნენ, ჰოდა “ჯიგარი” აღარ აქვს ხალხს. მე გული მწყდება ამ ყველაფრის გამო.
აქამდე ცხოვრებამ, ცივილიზაციამ და ძალიან ბევრმა რამემ მიგვიყვანა. ჩემი ქალაქი რომანტიზმით ცხოვრობდა. ისეთი სისულელეები გაგვიკეთებია ახალგაზრდობაში, რომ რა გითხრათ… ცხოვრება ძალიან პრაგმატული გახდა. თითქოს, ყველაფერი ერთი და იგივეა.

კომენტარი