“ევას პავაროტი” – მითი თუ ადგილი, რომელიც ნამდვილად არსებობს?

“ევას პავაროტი” – მითი თუ ადგილი, რომელიც ნამდვილად არსებობს?

82374
გაზიარება

თუ იეთიმ გურჯის ქუჩას გაუყვებით და ძმები თომა და ამბროსი ჯიქიების სახლს გაცდებით, მარჯვნივ დაინახავთ პატარა შესახვევს, რომელსაც ერთ-ერთი საერთო საცხოვრებელი სახლის ეზოში, იეთიმ გურჯის 4/9-ში შეყავხართ.

სახლი, რომელშიც ებრაელი ვაჭარი, ევა ცხოვრობდა
სახლი, რომელშიც ებრაელი ვაჭარი, ევა ცხოვრობდა

ეზოში ძველი, ლურჯაივნებიანი სახლი დგას, რომლის ფასადის ერთი ნახევარი ახლად შეღებილია, ხოლო მეორე ნახევარს დიდი ხანია, დაუკარგავს ძველი იერი. სახლი ძველთბილისურ ეზოებს გაგახსენებთ და ადამიანს, რომელსაც ასეთ ეზოებში ცხოვრების ხიბლი საკუთარ თავზე გამოუცდია, შესაძლოა, ნოსტალგიური განწყობაც კი შეუქმნას.
3-სართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა ჩვენი ისტორიის მთავარი გმირი – ებრაელი ვაჭარი ევა.
ებრაელი ევას ისტორია ადგილობრივმა, 59 წლის თამაზ გოცირიძემ გვიამბო, რომელმაც ბავშვობა სწორედ იეთიმ გურჯის ქუჩაზე გაატარა. როგორც თავად აღნიშნავს, მას არაერთხელ უნახავს ევა, რომელსაც, სხვათა შორის, საკუთარი საქმიანობითა და ხასიათით, ძველ თბილისში საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობდა.
“ჩვენთან, როგორც მთელ თბილისში, ძირითადად, ქურთები, სომხები და ებრაელები ცხოვრობდნენ და ტანსაცმლით, ხანაც ოქროთი ვაჭრობდნენ. არ მახსოვს, ვაჭრობდა თუ არა ევა ოქროთი, თუმცა მისგან ტანსაცმელს ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობდა. მსუქანი, კეთილი და თბილი ქალი იყო. “ნისიად” ტანსაცმელს ყველას ატანდა. როცა გექნებათ, მაშინ მომიტანეთო- ეუბნებოდა. ყველას ენდობოდა და იცოდა, რომ არც არავინ მოატყუებდა, ამიტომ ის ყველას უყვარდა. “-იხსენებს თამაზ გოცირიძე.
ევასთან სავაჭროდ, თურმე, საღამოობით დადიოდნენ. როცა მაცხოვრებლები ერთმანეთს გასძახებდნენ, სად მიდიხართო, “ევასთან, პავაროტშიო”-პასუხობდნენ. სწორედ ასე გაჩნდა ფრაზა, რომელმაც შემდეგ არა მხოლოდ ქალაქი, არამედ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა მოიცვა, შინაარსიც შეიცვალა და ისეთ გამოთქმად იქცა, რომელიც, თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, ერთხელ მაინც გამოუყენებია. ასე რომ, “ევას პავაროტი”, რომელსაც გაურკვეველი ადგილმდებარეობის კონტექსტში მოვიაზრებდით, სინამდვილეში, კონკრეტული ადგილია, რომელიც ერთ დროს ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილი იყო.
ებრაელი ევას ისტორია აქ მთავრდება. სულ ესაა, რისი გაგებაც შევძელით, თუმცა იეთიმ გურჯის ქუჩა ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს და შესაძლოა, მოგვიანებით გიამბოთ კიდეც…

კომენტარი