თბილისის ანძაზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას ესპანური კომპანია მოაწყობს

თბილისის ანძაზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას ესპანური კომპანია მოაწყობს

1296
გაზიარება

თბილისის სატელევიზიო კოშკის განახლებაზე ესპანური კომპანია “კოკო არქიტექტორები” იმუშავებს. როგორც “სითი კვირას” შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრში” განუცხადეს, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად გამოცხადებული კონკრეტული შესყიდვის ბიუჯეტი 120 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად დადებული ხელშკერულების შესასრულებელ თანხად 100 500 ლარი განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო კოშკის მოდელირების კონცეფციის მოწოდების ბოლო ვადა 31 აგვისტოა, რის შემდეგაც პროექტზე მუშაობა დაიწყება. “საქართველოს ტელერადიოცენტრის” განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმება ახალი პროექტი შემდგომი ეტაპისთვის და ახალი ტენდერი გამოცხადდება.
“მას შემდეგ, რაც “კოკო არქიტექტორები” საბოლოო დოკუმენტაციასა და კონცეფციას მოგვაწვდის, გვექნება სურათი, თუ რა ტიპის ატრაქცია უნდა მოეწყოს და რა ტიპის სივრცე უნდა გაკეთდეს.”- აცხადებენ “საქართველოს ტელერადიოცენტრში”.
შეგახსენებთ, რომ ტურისტული კონცეფციების მიღება საქართველოს “საქართველოს ტელერადიოცენტრმა” 11 აპრილს დაასრულა. მოდელირების ფარგლებში, კოშკზე მოძრავი იატაკი, კვების ობიექტები და პანორამული სივრცე უნდა მოეწყოს.
ვრცელი ისტორია მოკლედ
თბილისის სატელევიზიო კოშკი მთაწმინდის ფუნიკულიორის ზედა პლატოზე მდებარეობს.
მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1956 წელს დასრულდა. სიმაღლე 186 მეტრი იყო და ახლანდელი კოშკის მიმდებარედ იდგა.
პირველი სატელევიზიო გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. პირველი ფერადი მაუწყებლობა კი – მოგვიანებით, 1966 წელს. სტუდია, საიდანაც მაშინდელი დიქტორებიქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ძველი კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული.
ვინაიდან ძველ კოშკს სატელევიზიო არხების რაოდენობის გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, საჭირო გახდა ახალი კოშკის მშენებლობა. მისი მშენებლობა 1972 წელს დაიწყო.
ახალი თანამედროვე კოშკი ექსპლუატაციაში 1974 წლის 30 ნოემბერს შევიდა, ძველი კოშკი კი  ქალაქ გორში გადაიტანეს.
დღეისათვის თბილისის სატელევიზიო კოშკი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობაა და მსოფლიოს ყველაზე მაღალი კოშკების სიაშია შესული. მისი სიმაღლე 274,5 მეტრი იყო, თუმცა 2017 წლის 3 ივნისს ნაგებობას დაემატა კოშკის შემადგენელი კონსტრუქციული ელემენტი – სუპერტურნიკეტული ანტენა, რის შემდეგაც მისი სიმაღლე 3,5 მეტრით გაიზარდა. თავად კოშკი განთავსებულია 719,2 მ. სიმაღლის მთაზე.

 

კომენტარი