როგორ გადავირჩიოთ ამხანაგობის თავმჯდომარე?

როგორ გადავირჩიოთ ამხანაგობის თავმჯდომარე?

662
გაზიარება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ფუნქცია-მოვალეობებსა და მნიშვნელობაზე საუბრით თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით – სწორედ ისაა ადამიანი, რომელმაც თქვენი მრავლაბინიანი საცხოვრებელი სახლის საერთო პრობლემები რაიონის გამგეობამდე უნდა მიიტანოს და შემდეგ აქტიურად მიადევნოს თვალი ამ პრობლემების მოგვარების პროცესს. ამდენად, ის შუამავალია თქვენსა და გამგეობას შორის და მისი როლი უმნიშვნელოვანესია.
როდესაც კორპუსის მოსახლეობას ესა თუ ის პრობლემა აწუხებს, თუმცა მის მოსაგვარებლად არაფერი კეთდება, შესაბამისი რაიონის გამგეობების გარდა, ამხანაგობის თავმჯდომარეების ბრალეულობა არც თუ ისე იშვიათია და როგორც თავად ადგილობრივები ამბობენ, მათ, სხვადასხვა ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, ერიდებათ თავმჯდომარის გადარჩევა და ახლის არჩევა, თანაც არ იციან, ეს როგორ გააკეთონ. ფაქტი კი ერთია – ამ დროს საერთო საქმე ფუჭდება.
ამიტომ, თუ გადაწყვეტთ, გადაირჩიოთ ამხანაგობის ძველი თავმჯდომარე, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილო ხართ (გირჩევთ, რომ ეს აუცილებლად გააკეთოთ) და აირჩიოთ ახალი, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
პირველ რიგში, საქმე ბინათმესაკუთრეებს ეხება და მათი არყოფნის გარეშე თავმჯდომარის გადარჩევა შეუძლებელია. შესაბამისად, პირი, რომელიც ბინაში მხოლოდ ცხოვრობს ან მესაკუთრის ოჯახს წარმოადგენს, ამ უფლებით ვერ ისარგებლებს. ასე რომ, კონკრეტრული საცხოვრებელი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა საერთო რაოდენობის ორი მესამედის ხელმოწერის გარეშე, ძველ თავმჯდომარეს ახლით ვერ ჩაანაცვლებთ. თუმცა, ეს მხლოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კორპუსში 12-ზე მეტი რაოდენობის ბინაა, ხოლო თუ 12 ან ნაკლებია, მაშინ მესაკუთრეთა საერთო რაოდენობის სამი მეოთხედის ხელმოწერაა საჭირო.
მას შემდეგ, რაც მესაკუთრეთა საჭირო რაოდენობა შეიკრიბება, უნდა ჩატარდეს კრება, რომელზეც, თავდაპირველად, კრების თავმჯდომარეს აირჩევთ. რაც შეეხება ამხანაგობის თავმჯდომარეს, კრების ფარგლებში, შეგიძლიათ, აირჩიოთ როგორც არსებული მესაკუთრეებიდან ერთ-ერთი, ასევე, მოიწვიოთ სხვა ადამიანი, რომელსაც, კანონის ენაზე, მოწვეული მმართველი ეწოდება. თუ თავმჯდომარის კანდიდატურაზე, მესაკუთრის ნაცვლად, მოწვეული მმართველის არჩევას გადაწყვეტთ, მასსა და კრების თავმჯდომარეს შორის, შესაბამისი ხელშეკრულება დაიდება.
აღსანიშნავია, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე ან მოწვეული მმართველი, კანონის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული ვადით უნდა აირჩიოთ. მართალია, დრო შეზღუდული არ არის, თუმცა უმჯობესია, გაითვალისწინოთ ნეგატიური გამოცდილება და  თავი წინასწარ დაიზღვიოთ.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ გამგეობა თქვენი ამხანაგობის დამფუძნებელი არ არის, შესაბამისად, ის არ ირჩევს, ასევე, არ ხსნის თავმჯდომარეს და არ ერევა თქვენს საქმიანობაში. გამგეობა მხოლოდ აღრიცხავს ამხანაგობებს, რათა შემდეგ მათი დაფინანსება შეძლოს.
იმის გასაგებად, თუ რა პრინციპით ფინანსდება ამხანაგობა, შეგიძლიათ, გაეცნოთ ჩვენს სტატიას: დაფინანსების ახალი წესი ამხანაგობას საბანკო ანგარიშის გახსნას ავალდებულებს

კომენტარი