ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის თბილისში საცხოვრებელი სახლები აშენდება

ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის თბილისში საცხოვრებელი სახლები აშენდება

216
გაზიარება

დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მათზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს. თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე ვერ შეძლეს საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება.
როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მოძიებულია 16 ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 800 ოჯახი დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, ოჯახებს სოციალური სარეიტინგო ქულების მიხედვით, რიგითობის პრინციპით შეარჩევენ და პირველ რიგში, ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს დაეხმარებიან. მან, ასევე, მოუწოდა დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია სარეიტინგო ქულა, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიმართოს.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები წარმოადგენენ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე გადაიხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ ბინების მშენებლობა და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც ზემოთხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა სახელმწიფოს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული, რითაც ბოლომდე უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინი, ხოლო მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესაძლებლობა  მინიმუმამდე იქნა დაყვანილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის მტკიცებით, დეველოპერული კომპანიები  მხოლოდ კონკურენტული პრინციპით და იმის მიხედვით შეირჩევა, ვინც საცხოვრებელი ფართით მეტ დაზარალებულს დააკმაყოფილებს.

კომენტარი