როგორ მოვიქცეთ, თუ ბენზინგასამართი სადგურის გახსნა გვსურს?

როგორ მოვიქცეთ, თუ ბენზინგასამართი სადგურის გახსნა გვსურს?

323
გაზიარება

საქართველოში დღითიდღე იმატებს ავტომობილების რაოდენობა. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა საწვავზე და ბენზინგასამართ სადგურებზე. რა პროცედურები უნდა გავიაროთ და რომელ ინსტანციებს უნდა მივმართოდ იმისათვის, რომ  ბენზინგასამართი სადგური ავაშენოთ?
როგორც „სითი კვირამ“ გაარკვია, თავდაპირველად საჭიროა შესაბამისი მიწის ნაკვეთის მოძიება, თუმცა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ იქ შესაძლებელია ნებისმიერი დანიშნულებისა და პარამეტრების მქონე ობიექტის მშენებლობა. თითოეული მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრულია კონკრეტული ფუნქციური ზონა და აღნიშნულიდან გამომდინარე ხდება ამა თუ იმ ფუნქციური ზონისათვის დამახასიათებელი მიწის ნაკვეთისათვის განსაზღვრული შესაბამისი ობიექტის მშენებლობა. ამ შემთხვევაში, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დასაშვებია საცხოვრებელ ზონებში, საზოგადოებრივ საქმიან ზონებში და ტრანსპორტის ზონებში.
იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ტერიტორია დასაშვებ ზონაშია, პროექტის დამუშავებამდე საჭიროა მოძრაობის სქემის დამუშავება.  საჭიროა ასევე შესაბამისი ნებართვები სხვადასხვა ინსტანციებიდან:

  1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონალური წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შეთანხმება;
  1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი: შესასვლელ-გამოსასვლელი გზის მოწყობა და ტრანსპორტის ორგანიზაციის (სამუშაოს წარმოების და დასრულებული ვარიანტის) სქემის შეთანხმება;
  1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური: შესასვლელ-გამოსასვლელი გზის მოწყობა და ტრანსპორტის ორგანიზაციის(სამუშაოს წარმოების და დასრულებული ვარიანტის) სქემის შეთანხმება;
  1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობაზე დასკვნა უსაფრთხოების სფეროში მოქმედ ნორმებთან.

აღნიშნული ინსტანციებიდან შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ, აუცილებელია მშენებლობის პროექტის მომზადება შემდეგი  რეგულაციების გათვალისწინებით:

  1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ;
  1. “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილება;
  1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,შენობა–ნაგებობის უსაფრთხოების წესები“;
  1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N60 დადგენილება ,, ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

შესაბამისად, პროექტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ არქიტექტორი, რომელიც ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ყველა რეგულაციაში ერკვევა.  კრიტერიუმებს, რომელთაც მშენებარე ბენზინგასამართი სადგური უნდა აკმაყოფილებდეს, შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე – ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ.
როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, საბოლოო ნებართვას ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის თაობაზე ქალაქის არქიტექტურის სამსახური გასცემს. რაც შეეხება თანხას, რომლის გადახდაც მოგიწევთ, როგორც “სითი კვირას”  მერიაში განუმარტეს, ეს იქნება მოსაკრებელი, რომელიც ამა თუ იმ ლოკაციაზე განაშენიანების ფართის მიხედვით არის განსაზღვრული.

კომენტარი