მწვანე საფარის მოცულობით, თბილისი ევროპაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა

მწვანე საფარის მოცულობით, თბილისი ევროპაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა

1276
გაზიარება

გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით, თბილისი ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.  თბილისში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 4-5 კვ.მეტრი მწვანე საფარი მოდის, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
საბჭოთა სტანდარტის მიხედვით, ქალაქში, სადაც 0.5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 15 კვ. მ. უნდა ყოფილიყო, თუმცა, თბილისში ეს მაჩვენებლი არც საბჭოთა პერიოდში იყო დაცული.
გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 წელს დაფიქსირდა და 13 კვ.მ. შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თბილისში მწვანე საფარის ინვენტარიზაცია 1988 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. თუმცა, მერიის ინფორმაციით, 2001 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 5.6 კვ.მ. იყო. ამ პერიოდის შემდეგ, განახლებული მონაცემები აღარ არსებობს.
ქალაქების სიმწვანის კოეფიციენტს მსოფლიოში სხვადასხვა ორგანიზაცია ზომავს. შემუშავებულია ერთგვარი ინდიკატორი, რომელიც ქალაქის სიმწვანეს დაახლოებით 30 მაჩვენებლის მიხედვით ზომავს. ინდიკატორი CO2-ის გამოყოფას, ენერგეტიკას, შენობებს, მიწათსარგებლობას, ტრანსპორტს, წყალს და სანიტარიას, ნარჩენების მართვას, ჰაერის დაბინძურების დონეს და გარემოს დაცვას მოიცავს. გარდა ამისა, არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე ქალაქში – სულ მცირე 9 კვ.მ უნდა იყოს.
საქართველოს პარლამენტში  მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 კვ.მ-ია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ფართობი შეადგენს 36,2 კვ.მ-ს. ლონდონში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 7,5 მილიონია, 3000-მდე პარკი და ღია სივრცეა. ლონდონის ტერიტორიის 2/3 ( დაალოებით 1600 კმ/კვ.) გამწვანებულ ფართობს და წყლის ზედაპირს უკავია. აქედან გამომდინარე, გამწვანებული ფართობის და ღია სივრცის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 142,2 კვ.მ შეადგენს. ედინბურგში – 41,5კვ.მ, კარდიფში – 47,9კვ.მ.
გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით, ყველაზე გამწვანებულ ქალაქად ლონდონის შემდეგ ვენა ითვლება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 120 კვ.მ სიმწვანე მოდის. 66 კვ.მ-ია ეს მაჩვენებელი სინგაპურში, სტოკჰოლმში – 87.5 კვ.მ, ამსტერდამში – 45.5 კვ.მ, ლონდონში – 27 კვ.მ. ბალტიისპირეთში, კერძოდ  ვილნიუსში  ეს მაჩვენებელი 15,8 კვ.მ.  მილანში – 16,4 კვ.მ. ტურინში – 20,6 კვ.მ. სტამბულში 6.4 კვ.მ. სიმწვანის მაჩვენებლი ყველაზე დაბალია ტოკიოსა და ბუენოს-აირესში – 1.9-3 კვ.მ.
გამწვანების კოეფიციენტის დაბალი მავენებელი და ავტოტრანსპორტის სიჭარბე – სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ თბილისში,  ჯანმრთელობისათვის საშიში აირების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმებს რამდენჯერმე აღემატება. მაგალითად, როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია მითითებული, 2017 წელს თბილისში ოზონის წილმა ჰაერში ნორმას 167%-ით გადააჭარბა, გოგირდის დიოქსიდმა — 155%-ით, ნახშიროჟანგმა — 122%-ით.
ეკოლოგების განცხადებით, მწვანე საფარი 3 რამისგან იცავს ადამიანს: 1) ხმაურისგან, 2) შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს, 3) ზოგადად, მწვანე ფერი ყველა ადამიანს ეხმარება სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში.
დღეს დედამიწის 30 პროცენტს ტყის საფარი შეადგენს.ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი  – ტყე. 1 ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტონა  ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტონა ჟანგბადს გამოყოფს.
National Geographic-ის მონაცემებით, ყოველწლიურად  მსოფლიოში 80 ათასამდე კვადრატული მეტრი მწვანე საფარი ნადგურდება.

კომენტარი