რასიომონის ეფექტი წინამძღვრიშვილის 132-ში – ავარიული აივნის ამბავი

რასიომონის ეფექტი წინამძღვრიშვილის 132-ში – ავარიული აივნის ამბავი

820
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ, წინამძღვრიშვილის 132-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანი დანგრევის პირასაა. მეტიც, როგორც “სითი კვირასთან” საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი, ია კვანტალიანი აღნიშნავს, აივნიდან ყოველდღიურად ცვივა ქვები, რომელთგან ერთ-ერთმა ჩამოვარდნისას მას ფიზიკური დაზიანებაც კი მიაყენა.
სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. რესპონდენტის განმარტებით, მოსახლეობამ, შენობის გამაგრების თაობაზე, გამგეობის პარალელურად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პირველად 2014 წელს, განმეორებით კი – 2016 წლის აგვისტოში მიმართა, თუმცა უშედეგოდ. გარკვეული შედეგი მხოლოდ მესამე მიმართვას მოჰყვა.
“მესამეჯერ რომ მივმართეთ, მართლაც მოვიდნენ და ზეპირად, ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე, იმხელა თანხა დაგვისახელეს… ეზოში, მეტწილად, პენსიონრები და უმუშევრები ცხოვრობენ, ამიტომ მათი უმეტესობა ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებდა. ჩვენ რომ მოგვეკიდებინა ხელი, უფრო იოლად გამოვიდოდით და იმაზე იაფი დაგვიჯდებოდა, ვიდრე ის გაბერილი თანხა, რაც ზეპირად მოგვახსენეს”- აღნიშნავს ია კვანტალიანი.
მისივე მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩამოვარდნილმა ქვამ მისი ფიზიკური დაზიანება გამოიწვია, მერიის ცხელ ხაზზე დარეკა, რის შემდეგაც ადგილობრივებს დედაქალაქის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი გრიგოლ ზარქუა შეხვდა და მათ იმ განცხადების ხელახლა დაწერა შესთავაზა, რომელიც მოსახლეობამ უკვე დაწერა და შესაბამისი დოკუმენტაციაც შეინახა.
“პირველი შემთხვევა არაა, რაც თავზე ჭერი გვენგრევა. 2017 წლის დეკემბერში, ძლიერი ქარების დროს მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებიც მოვიდნენ და პატრულის თანამშრომლებიც. შეადგინეს ოქმი, მაგრამ ოქმი დღემდე ოქმად რჩება, განცხადება – განცხადებად, პროექტი – პროექტად, ჩვენ კი, ჰაერში ვართ გამოკიდებული და არ ვიცით, როდის ჩამოიქცევა ჭერი”- აცხადებს ია კვანტალიანი.

რას ამბობენ ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში?

გამგეობაში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენელი რამდენჯერმე მივიდა აღნიშნულ მისამართზე და ადგილობრივ მოსახლეობას,  თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, საერთო სარგებლობის აივნის გამაგრება შესთავაზა, თუმცა ადგილობრივები ამ საკითხით არ დაინტერესდნენ. გამგეობის მტკიცებით, განცხადება, საერთო სარგებლობის აივნის გამაგრების მოთხოვნით, რომელიც ნამდვილად სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს, არ ფიქსირდება.
“ვინაიდან ბინათმესაკუთრეთა ახალი წესი 2018 წლის 9 თებერვალს იქნა მიღებული, უფრო ადრე მათ ახალი წესით განსაზღვრულ პირობებს ვერ შესთავაზებდნენ. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა აღნიშნული საერთო სარგებლობის აივნის გამაგრების მოთხოვნით განცხადების შემოტანის შემთხვევაში, მზადაა, თანადაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, აივნის გამაგრება უზრუნველყოს. ორშაბათს გამგეობის მიერ განცხადება გაეგზავნება ამხანაგობას, სადაც კიდევ ერთხელ განემარტებათ თანადაფინანსების ახალი წესი და პრობლემის მოგვარების გზაც”-აღნიშნავენ გამგეობაში.

კომენტარი