ძველი თბილისის ქარვასლები – ისტორია, რომელიც ბოლშევიკებმა დაასრულეს

ძველი თბილისის ქარვასლები – ისტორია, რომელიც ბოლშევიკებმა დაასრულეს

2283
გაზიარება

დაარსებიდან მალევე თბილისი ამიერკავკასიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა. საქართველოს დედაქალაქი  ერთ-ერთ მნიშვნელოვან  სავაჭრო-საქარავნო გზაზე მდებარეობდა და  შესაბამისად, ვაჭრობა, ბაზრები და ქარვასლები ძველი თბილისური ყოფის ერთ-ერთი დამახასიათებელი ატრიბუტი გახდა.
ქარვასლების მშენებლობა თბილისში ძირითადად მე-19 საუკუნეში დაიწყეს, თუმცა 1735 წლის თბილისის გეგმაზე ვახუშტი ბაგრატიონს  მეფის, თბილელის და მელიქის ქარვასლები უკვე დაფიქსირებული აქვს. 1850 წლის თბილისის გეგმაზე უკვე 12 ქარვასლაა აღნიშნული. მათი უმეტესობა  კალაში, დაახლოებით სიონის ტაძრის ირგვლივ იყო აშენებული. სტილისტურად  და არქიტექტურული გადაწყვეტის თვალსაზრისით, ყველა მათგანი ფაქტობრივად ერთგვაროვანი იყო. ნაგებობებს მხოლოდ სართულიანობა, ასევე ფასადის და ინტერიერის სტილისტური გადაწყვეტა განასხვავებდა. ქარვასლა თურქული სიტყვაა და ქარავნის სახლს ნიშნავს.  ვაჭრებისათვის ქარვასლა ერთდროულად სავაჭრო და საცხოვრებელი ადგილი იყო. ზედა სართულები მოსასვენებელ ოთახებს ეთმობოდა; შიდა ეზოში მოწყობილი იყო ცხენებისა და აქლემების სადგომი, ხოლო შენობის სარდაფი ვრცელ საწყობებს ეკავა. თბილისში შემორჩენილი ქარვასლებიდა ყველაზე ძველი ე.წ.არწრუნის ქარვასლაა, რომელიც ახლანდელ სიონის ქუჩაზე ფუნქციონირებდა. როგორც ისტორიულ წყაროებშია მითითებული, ამ ადგილზე პირველი ქარვასლა, 1650 წელს როსტომ მეფემ ააშენა და მოგვიანებით თბილელ ეპისკოპოსს გადასცა. 1795 წელს შენობა აღა მაჰმად ხანის ჯარებმა დაანგრიეს.  1818 წელს იმავე ადგილზე ახალი ქარვასლა თბილისელმა ვაჭარმა  გეურქ აღა-არწრუნმა ააშენა. ეს იყო სამსართულიანი შენობა 33 სასტუმრო ოთახით და 25 დუქნით. როგორც ისტორიულ წყაროებშია მითითებული, არწრუნმა ქარვასლის ასაშენებელ მიწის ნაკვეთში, რომელიც  სიგანეში 8 საჟენი, ხოლო სიგრძეში 40 საჟენი იყო, 8100 მანეთი გადაიხადა.
1855 წელს ქარვასლა დაიწვა, თუმცა მალევე განაახლეს და თავისი ფუნქცია – დანიშნულებას ის მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ინარჩუნებდა.
ძველ თბილისში მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა შენობას, რომელიც თეკლას ქარვასლის სახელით  იყო ცნობილი. ევროპულ-მავრიტანული სტილის შენობა ერეკლე მეფის ასულს, თეკლა ბატონიშვილის ეკუთვნოდა. ამ ადგილზე  თავდაპირველად მე-17 საუკუნეში აშენებული მეფის ფუნდუკი იდგა, რომელიც 1795 წელს აღა -მაჰმად -ხანის შემოსევისას დაინგრა.
სიონის ეკლესიის მახლობლად მდებარეობდა ბატონიშვილის ქარვასლა, რომელიც მე-18 საუკუნეში ააშენეს. ქარვასლას 62 სატუმრო და 30 სავაჭრო ოთახი ჰქონდა. აქვე მდებარეობდა სხვადასხვა სახის 15 სახელოსნო.
1823 წელს თბილისში სარაჯიშვილის ქარვასლა აშენდა. ბატონიშვილის ქარვასლასთან შედარებით ის საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა. 18 სასტუმრო ოთახი, 9 საწყობი და ხუთი მაღაზია.
უმთავრესად აზიური საქონლით ვაჭრობდა სარქისოვის ქარვასლა, რომელიც 1820 წელს ააშენეს. ქარვასლას  30 სასტუმრო ოთახი 73 დუქანი და  20 ზე მეტი საწყობი ჰქონდა.
მოგვიანებით თბილისში ევროპული ტიპის მაღაზიებიც გაჩნდა. განსაკუთრებით ცნობილი იყო  ლაბიელის  და  ბლოტის მაღაზიები. მეტი პოპულარობით სწორედ ბლოტის მაღაზია სარგებლობდა. აქ მოსულ თბილისელებს და თბილისის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მაშინდელი ფრანგული მრეწველობის საუკეთესო ნიმუშები შეეძინათ. არჩევანი საკმაოდ დიდი იყო, ბლოტის მაღაზიაში შეიძენდით: სხვადასხვანაირი აბრეშუმის ქსოვილებს, მაუდს, ფლანელს, ავეჯის გადასაკრავ მატერიას, ბაბთას, სალეჩაქეს, ხავერდს, ბატისტს, ქალის შეკერილ ტანსაცმელს, ხელოვნურ ყვავილებს, შლიაპების გასაწყობ ფრთებს, ჰოლანდიის ტილოს, ქალისა და მამაკაცის ხელთათმანებს, ნელსაცხებლებს, ქოლგებს…

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თბილისში ფაქტობრივად ყველა ქარვასლა დაიხურა, შენობები დაანგრიეს, ან სხვა ფუნქცია-დანიშნულება შეიძინა.

გამოყენებული მასალა:  “ძველი თბილისი” ნინო აბულაძე

კომენტარი